ისრაელი-სირია

სირია: ისრაელის გამანადგურებლებმა დამასკოში იერიში მიიტანეს

ისრაელის ავიაგამანადგურებლები საბერძნეთში ჩატარებულ საავიაციო საერთაშორისო წვრთნებზე, 2022 წლის 3 აპრილი.

სირიის სამთავრობო მედია ისრაელის საჰაერო ძალებს დამასკოსთან იერიშის მიტანაში ადანაშაულებს.

როგორც სირიის სამთავრობო მედია იუწყება, 6 ივნისს ისრაელის ავიაგამანადგურებლებმა იერიში დედაქალაქის სამხრეთ რაიონში მიიტანეს, დაზიანდა რამდენიმე შენობა. სხვადასხვა ცნობებით, თავდასხმის სამიზნე იყო ალ-კისვაჰის უბანი, სადაც ისრაელს იერიშები აქამდეც მიუტანია, რადგან აქ, იერუსალიმის ბრალდებით, განლაგებულია ირანის სამხედრო ბაზები. 

ადგილობრივი ცნობებით, ძლიერი აფეთქების ხმები გაიგეს როგორც სირიის დედაქალაქში, ასევე ჩრდილოეთ ისრაელში. 

როგორც ყოველთვის, მსგავს შემთხვევაზე ისრაელის თავდაცვის ძალებში კომენტარს არ აკეთებენ.

მას შემდეგ, რაც სირიაში 2011 წელს სამოქალაქო ომი დაიწყო, ისრაელმა აქ ირანის მარიონეტული დაჯგუფებებისა და ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის სამხედრო ობიექტებზე ასზე მეტი იერიში მიიტანა. სირიის საჰაერო სივრცე დიდწილად კონტროლდება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, თუმცა ისრაელი კვლავ აგრძელებს პერიოდულ იერიშებს. 

კომენტარები