აშშ-ვენესუელა

REUTERS: აშშ ორ ნავთობკომპანიას ვენესუელური ნავთობის ევროპაში იმპორტის ნებას რთავს

turner.com

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობით, იტალიურმა ნავთობკომპანია Eni SpA-მ და ესპანურმა Repsol SA-მ მომდევნო თვიდან, რუსული ნავთობის ემბარგოს დასაკომპენსირებლად, შესაძლოა ვენესუელური ნავთობის იმპორტი უზრუნველყონ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს თქმით, Eni-სა და Repsol-ის კომპანიების მიერ მიღებული ნავთობის მოცულობა მცირეა, შესაბამისად, ის ენერგორესურსის გლობალურ ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს, თუმცა ეს შესაძლოა გახდეს ერთგვარი სტიმული ვენესუელის ხელისუფლებისთვის. 

ევროპამ და აშშ-მ ვენესუელიდან ნავთობის იმპორტი შეწყვიტეს მას შემდეგ, რაც 2 წლის წინ ვაშინგტონმა ვენესუელას სანქციები დაუწესა. 

Reuters-ის წყაროების ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნულ კომპანიებს წერილში მოუწოდა, გაანახლონ გადაზიდვები. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ვენესუელის ნედლი ნავთობი ევროპას რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარება.

ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ მოლაპარაკებების მიხედვით, ამ ორ ევროპულ კომპანიას, რომლებსაც საერთო წამოწყებები აქვთ ვენესუელური სახელმწიფოს მმართველობის ქვეშ არსებულ PDVSA-თან, შეუძლიათ ნედლი ნავთობის ტვირთი ვალებისა და დაგვიანებული დივიდენდებიდან გამოქვითონ. შესაბამისად, ამით ვენესუელა პირდაპირ ფინანსურ სარგებელს ვერ მიიღებს.

ასევე, Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, მოლაპარაკებების პროცესში მთავარი პირობა იყო ის, რომ მიღებული ნავთობი ევროპაში გაიგზავნოს და მისი სხვაგან გადაყიდვა სრულად აიკრძალოს.

31 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად, მოსკოვისთვის სანქციების მე-6 პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რაც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას ითვალისწინებს. 

დაწესებული სანქციების მიხედვით, ევროკავშირი რუსული ნავთობის საზღვაო გზით მიღებაზე უარს ამბობს. ამჟამად გამონაკლისი არის მილსადენი დრუჟბა, რომელიც უნგრეთის მთავარი ნავთობმიმწოდებელი ხაზია. ამ გამონაკლისის მეშვეობით, შესრულდა უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მოთხოვნა, რომელიც სრულ ემბარგო ეწინააღმდეგება და თვლის, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, სანქციები დაუყოვნებლივ შეეხება ევროკავშირში იმპორტირებული რუსული ნავთობის 75%-ს, წლის ბოლომდე კი 90%-ს.

კომენტარები