ისრაელი

ლაფიდი: თუ ირანი ჩვენს ზღურბლთან ომს მოიტანს, ომს საკუთარ კართან აღმოაჩენენ

იაირ ლაფიდი
The Times of Israel

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაფიდმა the Jerusalem Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ირანის საფრთხეზე ისაუბრა.

ლაფიდის თქმით, თუ დასავლური ქვეყნები ირანთან ახალ ბირთვულ შეთანხმებას გააფორმებენ, ეს ისრაელზეც არ გავრცელდება. 

"ის (შეთანხმება) ჩვენზე არანაირად ვრცელდება და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც აუცილებელია, რათა დავრწმუნდეთ, რომ ირანი ზღურბლთან მყოფი ბირთვული სახელმწიფო არ გახდება". – თქვა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

ლაფიდმა აღნიშნა, რომ ისრაელი ირანის საფრთხეს "აღარ აიტანს".

"მსოფლიოს ვუთხარით, რომ მეტის ატანას აღარ ვაპირებთ. ირანი ამბობს, თქვენს ზღურბლთან ომის მოტანა შეგვიძლია, რადგან თქვენ ვერასდროს მოიტანთ მას შვენამდეო. ეს არ მოხდება. ასე არ გამოვა". – თქვა ლაფიდმა. 

როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, თუ ირანი ისრაელის კართან "ომს მიიტანს", ისრაელი საპასუხო ქმედებით უპასუხებს.

"მესმის, ასეთი შეგრძნება იმიტომ აქვთ, რომ გასულ წლებში ასე ხდებოდა, მაგრამ ამ მთავრობასთან ეს ვერ იმუშავებს... თუ ირანელებს ჩვენს ზღურბლთან ომი მოაქვთ, მაშინ ისინი მას საკუთართან აღმოაჩენენ. თუ მისი არიდება სურთ, მაშინ ჩვენც ავარიდებთ". – აღნიშნა ლაფიდმა. 

გასულ დღეებში ისრაელის პრემიერმინისტრმა, ნაფთალი ბენეტმა თქვა, რომ "ირანის რეჟიმის იმუნიტეტი დასრულდა".

"როგორც არაერთხელ ვთქვით, ირანის რეჟიმის იმუნიტეტის პერიოდი დასრულდა. ვინც არ უნდა აფინანსებდეს ტერორისტებს, ვინც არ უნდა აიარაღებდეს ტერორისტებს, ვინც არ უნდა აგზავნიდეს ტერორისტებს საზღაურს სრულად გადაიხდის". – აღნიშნა ისრაელის პრემიერმა. 

ისრაელის პრემიერმინისტრის სიტყვები მოჰყვა გასული კვირების შემთხვევებს, რომლებშიც ისრაელს ადანაშაულებენ. 25 მაისს ირანში, პარჩინის სამხედრო კომპლექსის ტერიტორიაზე აფეთქებას ერთი ინჟინერი ემსხვერპლა. The New York Times-ის ინფორმაციით, აფეთქება დრონებით თავდასხმამ გამოიწვია. შემთხვევა ჰგავდა ირანში ბირთვულ პროექტზე მომუშავეებზე გასული წლების თავდასხმებს, რომელთაც ისრაელს მიაწერენ. ამას გარდა, 22 მაისს ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის ოფიცერი თეირანის ცენტრში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს.

The New York Times-მა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, ისრაელმა აშშ-ს მაღალჩინოსნებს აცნობა, რომ მკვლელობების უკან იდგნენ და პოლკოვნიკი ჰასან საიად ხოდაეი მოკლეს, რათა თეირანი მის მიერ გაძღოლილი გარკვეული საიდუმლო ჯგუფის გაძლიერებასთან დაკავშირებით გაეფრთხილებინათ. ისრაელის მთავრობაში ეს ინფორმაცია უარყვეს და აშშ გაჟონილი ამბის გამო გააკრიტიკეს.


გასული წლის დასაწყისში ისრაელის შეიარაღებულ ძალების მეთაურმა, ავივ კოჰავიმ არმიას ირანზე თავდასხმის გეგმების შემუშევაბა უბრძანა. მან ეს პროცესი გასული წლის სექტემბერში დააჩქარა.

წვრთნები გაჭიანურებული ბირთვული მოლაპარაკებების ფონზე ტარდება. ამ ეტაპამდე ირანთან ვერ გაფორმდა ახალი ბირთვული შეთანხმება, რომელსაც ისრაელი ეწინააღმდეგება და თვლის, რომ ის თეირანს ბირთვულ იარაღზე მუშაობის შესაძლებლობას ვერ უზღუდავს. 

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის თქმით, ირანს ბირთვული იარაღისთვის საჭირო მასალის მოგროვებამდე მხოლოდ რამდენიმე კვირა აშორებს და ასევე ისინი ასრულებენ მუშაობას 1000 თანამედროვე ცენტრიფუგაზე, რომლებიც საჭიროა ურანის გამდიდრებისთვის.

2021 წლის აპრილში, ქალაქ ვენაში ირანს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს ევროკავშირს, რუსეთსა და ჩინეთს შორის დაიწყო საუბარი, თუ როგორ შეიძლებოდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებისთვის დაბრუნება. ეს უკანასკნელი ამერიკამ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2018 წელს დატოვა, რდაგან მიიჩნევდნენ, რომ ირანი შეთანხმებას არღვევდა და მსგავსი ფორმატი თეირანის ბირთვულ პროგრამას ვერ შეაჩერებდა. ამის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა.

ირანის ბირთვულ პროგრამას განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამს ისრაელის მხარე, რომელიც თვლის, რომ მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს და თეირანი მალე ბირთვულ იარაღს შექმნის. ბოლო ხანებში იერუსალიმი ირანზე თავდასხმისთვისაც ემზადებოდა.

კომენტარები