რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"საერთოდ არ არსებობს კომპრომისი" – ორბანი რუსული ნავთობის ემბარგოზე

REUTERS/Johanna Geron

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ არ არსებობს კომპრომისი რუსული ნავთობის ემბარგოსთან დაკავშირებით. მან ევროკომისია "უპასუხისმგებლო მოქმედებისთვის" გააკრიტიკა

"თუ არსებობს გამოსავალი უნგრეთის ენერგიის მომარაგებისთვის, ჩვენ ამის შესახებ ჯერ არაფერი ვიცით" - აღნიშნა ბრიუსელში ლიდერების სამიტზე შეკრებისას ორბანმა.

მისი თქმით, ევროკომისიამ ემბარგოზე წევრ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებების სათანადოდ წარმართვა ვერ შეძლო. 

ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის უნგრეთი რუსეთის ნავთობზე დაგეგმილი ემბარგოს აქტიური მოწინააღმდეგეა. მოსკოვთან დაახლოებულმა ბუდაპეშტმა განაცხადა, რომ ნავთობის იმპორტის შეზღუდვისთვის მილიონობით დოლარი სჭირდება.  

სრული ემბარგოსთვის ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო. 

ამასთანავე, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, თუ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დაუყოვნებლივ სრულად იტყვის უარს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სხვა მყიდველს იპოვის და სრული ემბარგოს შედეგით - ფასის ზრდითაც ისარგებლებს.

გუშინ, 29 მაისს გავრცელებული Bloomberg-ის ინფორმაციით, პოზიციათა დასაახლოებლად სრული აკრძალვის ნაცვლად, ევროკავშირმა ემბარგო მხოლოდ ზღვით მიღებულ რუსულ ნავთობზე გადაწყვიტა. შესაბამისად, უნგრეთი და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოები, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ, კვლავ შეძლებენ რუსეთისგან ნედლი ნავთობის მიღებას.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები