რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბალტიის ქვეყნები და სლოვაკეთი EU-ს რუსული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენებას სთხოვენ

REUTERS

ლიტვა, სლოვაკეთი ლატვია და ესტონეთი ერთობლივ წერილში უკრაინის აღდგენის დასაფინანსებლად  ევროკავშირის მიერ გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას მოითხოვენ. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს

Reuters-ის ცნობით, წერილში, რომელსაც ქვეყნები ხვალ ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებს წარუდგენენ, ნათქვამია:

"უკრაინის აღდგენის ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი, რუსული სამხედრო აგრესიის მსხვერპლთა კომპენსაციის ჩათვლით, რუსეთმა უნდა დაფაროს". - ნათქვამია წერილში. 

Reuters-ი წერს, რომ წერილში ქვეყნები ევროკავშირს სანქციების ახალი პაკეტის მომზადებისკენ მოუწოდებენ და დასძენენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი უკრაინაში ომს არ შეწყვეტს, ევროკავშირსა და რუსეთს შორის ყოველგვარი სავაჭრო ურთიერთობები უნდა შეჩერდეს, რათა ევროპის ქვეყნებმა რუსული ომის მანქანის დაფინანსებაში მონაწილეობა არ მიიღონ. 

გასულ კვირას ევროკომისიამ განაცხადა, რომ შეამოწმებს იმას, თუ რამდენად ითვალისწინებს ევროკავშირის კანონმდებლობა რუსეთისთვის გაყინული აქტივების ჩამორთმევასა და მათი უკრაინის დასაფინანსებლად გამოყენებას, ვინაიდან აქტივების კონფისკაციის საკითხი სამართლებრივად რთულია.

ლიტვის, ლატვიის, სლოვაკეთისა და ესტონეთის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი აქტივების ჩამორთმევის ლეგალურ გზას ვერ იპოვის, ბლოკს მათი ბერკეტად გამოყენება შეეძლება - მოსკოვს აქტივებზე წვდომა აღუდგება მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინას მიყენებულ ზიანს სრულად აუნაზღაურებს. 

კომენტარები