"სამშობლოში დავბრუნდი" - ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, ლევან მამალაძე

ტელეკომპანია პირველი

1994-2003 წლებში პრეზიდენტის რწმუნებული ქვემო ქართლში, ლევან მამალაძე, საქართველოში დაბრუნდა და ამის შესახებ ტელეკომპანია პირველთან განაცხადა.

"[სამშობლოში დაბრუნება] 19 წელია გადაწყვეტილი მაქვს". - თქვა მან.

2006 წელს სასამართლომ მამალაძეს ბრალი ქრთამის აღებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის დაუსწრებლად წაუყენა და 17-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ტელეკომპანიის ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ მიიღო მისი ამნისტირების გადაწყვეტილება ქართულმა ოცნებამ, მამალაძე პასუხობს, რომ მისი დაბრუნების გადაწყვეტილება არა ოცნებამ, არამედ საქართველოს პარლამენტმა მიიღო და ამბობს, რომ "პარლამენტმა მიიღო კანონი ამნისტიის შესახებ, რომელიც ვრცელდება იმ ადამიანებზე, ვისზეც გავრცელდა".

მისივე თქმით, ის არ აპირებს პოლიტიკაში შესვლას, თუმცა პოლიტიკასთან იქნება.

2022 წლის 12 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი მესამე მოსმენით მიიღო.

ამნისტისს შესახებ კანონის მიხედვით, 2004 წლამდე ჩადენილი გარკვეული ტიპის დანაშაულებისთვის მსჯავრდებულებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. რაც შეეხება უვადო თავისუფლების აღკვეთამისჯილ პირებს, შესაძლოა, მათი სასჯელი გადაისინჯოს (სსკ-ის 721-ე მუხლის პირველი ნაწილით) ან სასჯელი შინაპატიმრობით/საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეეცვალოთ (721-ე მუხლის პირველი ნაწილი). 

კომენტარები