ფინეთი-შვედეთი-NATO

NATO-ს სკანდინავიური გაფართოება რუსეთ-უკრაინის ომის დროს

ფინეთი-შვედეთი-NATO

NATO-ს სკანდინავიური გაფართოება რუსეთ-უკრაინის ომის დროს

უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის პარალელურად, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია NATO ფართოვდება. რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრები გახდებიან. ეს იქნება ყველაზე დიდი ცვლილება ევროპის პოლიტიკურ და სამხედრო რუკაზე მას შემდეგ, რაც 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები რამდენიმე ტალღად სამხედრო ალიანსსა და ევროკავშირს შეუერთდნენ.

ორი ჩრდილო-ევროპული ქვეყანა ცივი ომის შემდეგ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. ამასთან, 2008 წლის ომმა საქართველოში და რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მოცემული დინამიკა შეცვალა. დღეს რუსეთის ქმედებები ნათელს ჰფენს, რომ ნეიტრალიტეტი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტორი აღარაა და ეს, შესაძლოა, პირიქით, საზიანოც აღმოჩნდეს. 

რატომ არ იყვნენ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები?

კონტექსტის გასაგებად, აუცილებელია გავიხსენოთ ისტორია, რათა შევაფასოთ მოვლენები, ღირებულებები და გეოპოლიტიკა, რომელიც შვედეთისა და ფინეთის უსაფრთხოების ნაწილია. გეზის ცვლილება მართლაც ისტორიული მოვლენაა. ეს ორი ქვეყანა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სამხედრო ალიანსში გაწევრიანებისგან თავს იკავებდა. 

ფინეთმა 1917 წელს რუსეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა და მეორე მსოფლიო ომის დროს მის წინააღმდეგ ორი ომი აწარმოა, რა დროსაც კარელიის, სალას და კუუსამოს პროვინციების ნაწილისა და ფინეთის ყურეში კუნძულების დათმობა მოუწია. მეორე მსოფლიო ომის გამოცდილება შვედეთისა და ფინეთის უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირების პერიოდი იყო.

შვედეთი და ფინეთი მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო სიძლიერით გამოირჩეოდნენ. როცა 1939 წელს საბჭოთა კავშირი ფინეთს დაესხა თავს, ფინელებმა მათ მტკიცე წინააღმდეგობა გაუწიეს და წითელი არმია მნიშვნელოვნად დააზიანეს.

შვედეთი ერთადერთი სკანდინავიური ქვეყანა იყო, რომელმაც ომისგან თავის დაღწევა მოახერხა, რამაც მის ნეიტრალურ პოლიტიკას ხელი შეუწყო. ამასთან ერთად, შვედეთის ქვეითი ჯარი აღჭურვილი იყო სარაკეტო გამშვები მოწყობილობებით, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს შვედეთი სკანდინავიის ქვეყნებს შორის უდიდესი ქვეითი არმიით, 1 000 000-ზე მეტი ჯარისკაცით გამოირჩეოდა.

ფინეთმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გაიაზრა, რომ ქვეყანას არ ჰქონდა შესაბამისი მდგომარეობა, რომ ომის შემთხვევაში გარე დახმარება მიეღო და რუსეთთან საზღვრის გამო აგრესორის ინტერესების გათვალისწინებაც საჭიროდ მიიჩნია.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ რუსეთის მხრიდან საფრთხე შემცირდა, მეზობლის აგრესიულმა პოლიტიკამ ფინეთის მხრიდან ნეიტრალიტეტის შენარჩუნება და NATO-ს წევრობაზე უარის თქმა განაპირობა.

როდესაც შვედეთზე ვსაუბრობთ, ნათელია, რომ ის რუსეთთან საზღვარს არ იზიარებს. ამასთან ერთად, საჯარო განცხადებებში შვედეთის მთავრობა აღნიშნავს, რომ მას უკავშირო პოლიტიკა აქვს, რომელიც მცირედით განსხვავდება ნეიტრალიტეტისგან, თუმცა მასზეა დაფუძნებული. შვედეთის ომის შემდგომი საგარეო პოლიტიკა ფოკუსირებული იყო მრავალმხრივ დიალოგსა და ბირთვულ განიარაღებაზე. ის დიდხანს ხედავდა საკუთარ თავს, როგორც შუამავალს საერთაშორისო ასპარეზზე და ცივი ომის შემდეგ არმიის მოცულობას ამცირებდა.

1995 წელს როგორც ფინეთი, ასევე შვედეთი ფორმალური ნეიტრალიტეტიდან სამხედრო მიუმხრობლობაზე გადავიდა. ყოველივე ეს კი ევროკავშირთან შეერთებამ განაპირობა. 

2014 წლიდან, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდგომ, სიტუაცია იცვლება. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამ ორივე სკანდინავიურ ქვეყანას უსაფრთხოების პოლიტიკის გადახედვა აიძულა. ბოლო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, რომ NATO-ს წევრობისადმი საზოგადოების მხარდაჭერა თითქმის სამჯერ გაიზარდა. ფინეთში ალიანსში გაწევრიანებას, დაახლოებით, 75% უჭერს მხარს, შვედეთში კი ეს რიცხვი 60% -მდე გაიზარდა,

ფინლანდიზაცია - სანახევრო დამოუკიდებლობის ეპოქა

ტერმინი ფინლანდიზაცია ცივი ომის დროს ფინეთის მკაცრ ნეიტრალიტეტს უკავშირდება. საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე 1948 წელს ხელმოწერილი მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმება ჰელსინკისა და მოსკოვს შორის ომის შემდგომი ურთიერთობების განმსაზღვრელ ფუნდამენტურ დოკუმენტად იქცა. ამ შეთანხმებით მოსკოვი იძლეოდა გარანტიას, რომ ფინეთს თავს არ დაესხმებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ფინეთმა საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვა შეძლო სსრკ-სთან შეთანხმებით, ვალდებული გახდა შეენარჩუნებინა ნეიტრალიტეტი, თავის შიდა პოლიტიკაში კი მოსკოვის ინტერესები გაეთვალისწინებინა. ფინეთისთვის “ფინლანდიზაციის“ მიზეზი იყო რეალპოლიტიკის ამოსავალი მიზანი - გადარჩენა. ამავდროულად, ფინეთმა დასავლური მოდელის ძირითადი პოსტულატების შენარჩუნება შეძლო.

1948 წლის 6 აპრილს მოსკოვში საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის  ხელშეკრულება გაფორმდა

რეალურად თუ ვიმსჯელებთ, ფინლანდიზაცია ნიშნავს, რომ ფინეთი NATO-ში არ გაწევრიანდა და შეერთებული შტატების ეკონომიკური დახმარება მარშალის გეგმის სახით არ მიიღო. 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითქოს სტოკჰოლმის სინდრომივით, ფინელები გამტაცებელზე მიჯაჭვული გახდნენ. ამან ფინეთი თვითცენზურამდე და საკუთარი თავის მოტყუებამდე მიიყვანა. ფინლანდიზაციის პროცესში საბჭოთა კავშირისადმი ნეგატიური დამოკიდებულება აკრძალული იყო. დამოუკიდებელი პრესა და სიტყვის თავისუფლება არ არსებობდა. ეკოლოგიური საკითხები კომპლექსური იყო, რადგან საბჭოთა კავშირში გარემოს კატასტროფულ დაბინძურებაზე საუბარი არ შეიძლებოდა. ფინალიზაციამ ფინეთის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ღირებულებებზე, ეროვნულ იდენტობაზე, ისტორიულ მეხსიერებასა და ეთიკაზე დიდი გავლენა იქონია. ფინეთისთვის რეალობა სხვა აღმოჩნდა - ფინლანდიზაცია ჩაგვრის იარაღი იყო.

ამასთან ერთად, სამწუხაროდ, ფინლადიზაცია მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის “გადაჭრის” გზასთან ასოცირდება. იდეა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გამოთქვა და შემდეგ უარყო. მისი თქმით, უკრაინის “ფინალნდიზაცია“ რუსეთთან დაძაბულობის განმუხტვის ერთ-ერთი საშუალება იქნებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, უკრაინა ფინეთი ვერ იქნება.

13 აპრილს ფინეთის ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ ფინლანდიზაცია ფინეთის შეურაცხყოფა იყო. მისი თქმით, საბჭოთა კავშირი მუდამ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში და ფინეთი რუსული გავლენებისგან რეალურად დამოუკიდებელი არ ყოფილა, ამიტომ, არც უკრაინამ და არც საქართველომ ფინლანდიზაციის გზა არ უნდა გაიარონ.

კრემლი ფინეთის მოდელს აღიქვამს არა როგორც ნეიტრალიტეტის შენარჩუნების, არამედ როგორც უკრაინის სატელიტურ სახელმწიფოდ გადაქცევის საშუალებას. ფინეთიზაცია უკრაინის უტოპიური მიზანია. ეს შეიძლება იყოს კარგი მიზანი, რომლისკენაც ქვეყანა ისწრაფვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი და უკრაინელები მას რეალისტურად მიუდგებიან. ფინლანდიზაცია არ არის ის, რასაც რუსეთი უკრაინას უბრალოდ აჩუქებს. 

უკრაინის ომი და შეცვლილი პოლიტიკური ლანდშაფტი

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. რუსეთის შეჭრა უკრაინაში იყო ბოლო წვეთი, რამაც შვედეთსა და ფინეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უბიძგა.

რეალურად თუ ვიმსჯელებთ, თუ კრემლმა გაბედა შეჭრა უკრაინაში - ქვეყანაში, სადაც 44 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მშპ, დაახლოებით, $516 მილიონია და 200 000-ზე მეტი აქტიური ჯარისკაცია, პუტინს ისეთ პატარა ქვეყნებში, როგორებიც შვედეთი და ფინეთია, იმავეს გაკეთება არ გაუჭირდება.

”ყველაფერი შეიცვალა, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა”. - აღნიშნა ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა.

ფინეთის პრემიერმინიტრი, სანა მარინი და მისი კოლეგა შვედეთის პრემიერმინისტრი, მაგდალენა ანდერსონი

ომის დაწყების პარალელურად, ფინეთის ტერიტორიაზე NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერა, დაახლოებით, 30%-დან თითქმის 80%-მდე გაიზარდა. ფინეთის მსგავსად, შვედების უმრავლესობა ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მომხრეა.

"ჩვენი NATO-ში გაწევრიანება 24 თებერვალს, დილის 5 საათზე გადაწყდა, როდესაც პუტინი და რუსეთი უკრაინას თავს დაესხნენ. რომ არა ეს შეტევა, ფინეთი და შვედეთი NATO-ში არ შეუერთდებოდნენ”. - აღნიშნა ფინეთის პრემიერმინისტრმა.

ბოლო პერიოდში სკანდინავიის ქვეყნები NATO-ს დაუახლოვდნენ. ისინი მონაწილეობას იღებენ PfP-ს (პარტნიორობა მშვიდობისთვის) მრავალ აქტივობაში და დიდ სამსახურსაც უწევენ ალიანსს, თუმცა არ სარგებლობენ საბჭოში ხმის უფლებით და მათზე არც ვაშინგტონის ხელშეკრულების მეხუთე მუხლით გათვალისწინებული კოლექტიური თავდაცვის ზომები ვრცელდება, რაც, თავისთავად, წევრი სახელმწიფოების პრივილეგიებს წარმოადგენს.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, შვედეთისა და ფინეთის NATO-ს ბლოკში  გაწევრიანების შესახებ დისკუსიები უკიდურესად სერიოზული გახდა. ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა და მისმა შვედმა კოლეგამ, მაგდალენა ანდერსონმა გასულ თვეში განაცხადეს, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში “უსაფრთხოების ლანდშაფტი დრამატულად შეცვალა”.

არსებითად, ბევრი ფინელი და შვედი სულ უფრო მეტად გრძნობს, რომ NATO-ში გაწევრიანება მათ უსაფრთხოებას ხელს შეუწყობს. ამასთან ერთად, უკანასკნულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა NATO-ში გაწევრიანების მომხრეა.

მიუხედავად იმისა, რომ შვედეთისა და ფინეთის მტკიცებით, NATO-ში გაწევრიანება  რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი არ არის, ორივე აღიარებს, რომ გადაწყვეტილება მოსკოვის უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის ფონზე მიიღეს. ამასთან ერთად,18 მაისს ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს NATO-ში გაწევრიანების განცხადება გადასცეს.

NATO-ს გაფართოება და რუსეთის პასუხი

დიდი ხნის მანძილზე ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა NATO-ს გაფართოება იყო. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, მოხ­დე­ბა ის, რი­სიც დიქ­ტა­ტორს ყვე­ლა­ზე მე­ტად ეშინოდა - NATO-ს წევ­რი ქვე­ყა­ნა სა­ზღვარ­თან ეყო­ლე­ბა.

მას შემდეგ, რაც ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს, ყველა თვალი მიმართულია რუსეთისა და იმისკენ, თუ როგორ შეძლებს ის რეაგირებას. ახლა, როდესაც ფინეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ შვედეთის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს, მოსკოვმა საკუთარი პოზიციების გასასაჯაროვებლად დრო არ დაკარგა - ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ NATO-ს გაფართოება "პრობლემაა.”

აქამდე ნეიტრალური სტატუსის მქონე ორი სახელმწიფოს NATO-ში ინტეგრაციის აშკარა და ძალიან სწრაფი პერსპექტივის გამო რუსეთი უკვე აჩენს კლანჭებს. ამასთან ერთად, ფინეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ რუსეთმა ქვეყანას 14 აპრილიდან ელექტროენერგიით მომარაგება შეუწყვიტა.

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხედ შეაფასა. რუსეთმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ თუ შვედეთი და ფინეთი NATO-ში შევლენ, ალიანსის სახმელეთო საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან ორჯერ გაიზრდება. ამასთან ერთად, ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ნეიტრალიტეტზე უარის თქმა და NATO-ში გაწევრიანება შეცდომა იქნება, რომელმაც, შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დააზიანოს.

რუსეთის პოზიცია ფინეთისა და შვედეთის NATO-ში შესვლასთან დაკავშირებით მოვლენების განვითარების შესაბამისად იცვლება. ოფიციალური მოსკოვი მალევე მიხვდა, რომ მსგავსი აგრესიული განცხადებები მიმდინარე ომის ფონზე რუსეთისთვის წამგებიანი იქნებოდა. შესაბამისად, 16 მაისს ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში შესვლასთან დაკავშირებით რუსეთს "პრობლემები არ აქვს" და ეს პირდაპირ საფრთხეს არ ქმნის, თუმცა ამ ქვეყნებში სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებას მოსკოვი პასუხს გასცემს. 

კრიტიკოსების მიხედვით, ეს განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გაფართოებულ NATO-სა და კრემლს შორის გაზრდილი დაპირისპირება უკრაინის კონფლიქტს უფრო გაამწვავებს. მეორე მხრივ, NATO-ს გაფართოების მომხრეები ამბობენ, რომ პუტინის “ბულინგი” მხოლოდ მაშინ შეწყდება, როდესაც რუსეთი დამარცხდება, შესაბამისად, NATO უნდა გაძლიერდეს.

მოსკოვის მუქარის მიუხედავად, NATO-ს გენერალური მდივნის, იან სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს ღია კარის პოლიტიკა წლების განმავლობაში წარმატებული იყო, ხოლო შვედეთი და ფინეთი ალიანსის წევრობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ და მათი NATO-ში გაწევრიანება მთელი კონტინენტისთვის ისტორიული მომენტი იქნება.

თურქეთის პროვოკაცია და ერდოღანის რეალური მიზანი

მიუხედავად იმისა, რომ როგორც ორი აყვავებული ლიბერალური დემოკრატია, შვედეთი და ფინეთი NATO-ში შესვლის მოთხოვნებს ზედმიწევნით აკმაყოფილებენ, თურქეთს პროცესის გართულება შეუძლია. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ახალი წევრების მიღებისთვის საჭიროა გადაწყვეტილება, რომელსაც კონსენსუსის საფუძველზე ყველა წევრი (მათ შორის, თურქეთიც) მიიღებს. 

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხს პესიმისტურად აფასებს და სკანდინავიურ ქვეყნებს ტერორისტული ორგანიზაციების შეფარებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, "სკანდინავიური ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია". 

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერდოღანის მიზანი უშუალოდ ფინეთისა და შვედეთის დაბლოკვა იყოს. რეალურად თუ ვიმსჯელებთ, თურქეთის პრეზიდენტის განცხადება საჩივართან უფრო ასოცირდება, ვიდრე ვეტოს მუქარასთან. ერდოღანი სწორად აფასებს სიტუაციას და ხვდება, რომ ახლა NATO-ს წევრი ქვეყნებისადმი წარსულის წყენების გასახსენებლად ხელსაყრელი დროა. ანკარასა და ვაშინგტონს შორის არსებული პრობლემების გრძელ სიაში საკვანძო პუნქტი შეიძლება იყოს ქურთების საკითხი. ვაშინგტონმა სირიის ქურთების მიერ კონტროლირებად რეგიონებზე სანქციები გააუქმა, რაც ქურთების ავტონომიურ ადმინისტრაციას გარე სამყაროსთან ვაჭრობის უფლებას აძლევს, ხოლო თურქეთი ამას მის სამხრეთ საზღვარზე საფრთხედ აღიქვამს.

ზემოთხსენებულის მიუხედავად, თურქეთმა ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანების განხილვის დაწყების პროცედურა დაბლოკა მას შემდეგ, რაც 18 მაისს ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს NATO-ში გაწევრიანების განცხადება გადასცეს.

თურქეთი ამბობს, რომ სკანდინავიურმა ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ ქურთი მებრძოლების მხარდაჭერა მათ ტერიტორიაზე და გააუქმონ იარაღზე აკრძალვები, რომელიც თურქეთს აქვს დაწესებული. თურქული მედიის ცნობით, შვედეთმა და ფინეთმა ასევე უარყვეს ანკარას მოთხოვნა 33 ადამიანის რეპატრიაციის შესახებ, რომლებსაც, ანკარას მტკიცებით, ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირი აქვთ. ამასთან ერთად, ალიანსისადმი თურქეთის ერთგულება წევრი ქვეყნების მხრიდან დაფასებული არ არის.

რეალურად თუ ვიმსჯელებთ, ერდოღანი ორმაგ თამაშს თამაშობს. კიევისთვის შეიარაღებული უპილოტო თვითმფრინავების მიყიდვისა და უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერის დროს, ანკარას მოსკოვთან ურთიერთობის გაწყვეტა არ სურს და სანქციებისგან თავს შორს იჭერს.

შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხი ერდოღანის ხელში მანიპულაციის საგანია. შესაბამისად, თუ თურქეთი სასურველ შედეგს არ მიიღებს, სკანდინავიის ქვეყნების ალიანსში შესვლა გაიწელება და სასურველზე მეტი დრო დასჭირდება.

რას შეცვლის ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება?

როგორ ცვლის ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება რუსეთსა და NATO-ს შორის ძალთა ბალანსს? სავარაუდოა, რომ თავად ალიანსი დიდად არ შეიცვლება, მაგრამ დაძაბულობა NATO-სა და მის გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეს შორის გაიზრდება. ანალიტიკოსების შეფასებით, ბლოკის გაფართოება NATO-ს გააძლიერებს და ომის მიმდინარეობაზე დიდ გავლენას იქონიებს.

შვედეთისა და ფინეთის მდებარეობა ნიშნავს, რომ ალიანსი აღმოსავლეთ ევროპაში ფართოვდება. ფინეთი რუსეთთან 830 მილის სიგრძის საზღვარს იყოფს, თუმცა თუ უფრო ახლოს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ეს საზღვარი სავსეა ტბებითა და ჭაობებით, რომლებიც ტანკების გადაადგილებას შეაფერხებს. რეალურად, მოცემული პირობები NATO-სთვის რუსეთის წინააღმდეგ ნებისმიერ საბრძოლო სიტუაციაში ხელსაყრელი იქნება. 

ამასთან ერთად, კრიტიკოსების შეფასებით, უკრაინის ომის გარდა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება უფრო მეტად ”უსაფრთხოების დილემას“ ქმნის. ვინაიდან, გაბრაზებული პუტინი ბირთვულ საფრთხესთან ასოცირდება, რომელიც არა მხოლოდ ფინეთსა და შვედეთს, არამედ მთელ NATO-ს ემუქრება. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი თავად ფინეთ-რუსეთის საზღვარია. ფინეთის დამატება NATO-სა და რუსეთს შორის საერთო საზღვარს, დაახლოებით, 440 მილიდან 1200 მილამდე გააფართოვებს.

რუსეთის მხრიდან შურისძიების კიდევ ერთი პოტენციური სივრცე ენერგეტიკის სფეროს უკავშირდება - ამ  სფეროში რუსეთს ძლიერი კოზირი აქვს. რეალურად, სანამ ევროპა ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოძებნას ცდილობს, რათა რუსეთზე, როგორც ნავთობისა და გაზის მიმწოდებელზე დამოკიდებულება შეამციროს, ის ჯერ კიდევ მასზეა დამოკიდებული.

რეალურად თუ ვიმსჯელებთ, ბალტიის ზღვის რეგიონში უსაფრთხოება და სტაბილურობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. პოლიტიკური თვალსაზრისით კი, ორი სკანდინავიური ქვეყნის ნატოში შესვლა დასავლეთის თავდაცვას გააძლიერებს და პუტინს მკაფიო სიგნალს გაუგზავნის, რომ მთელი ევროპა ახლა ერთიანია და უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გმობს.

რას შესძენენ ფინეთი და შვედეთი NATO-ს სამხედრო თვალსაზრისით?

სუფთა სამხედრო თვალსაზრისით, ალიანსში შვედური და ფინური შეიარაღებული ძალების შესვლა ჩრდილოეთ ევროპაში NATO-ს თავდაცვით ძალას მნიშვნელოვნად გაზრდის. აღსანიშნავია შვედეთის დიდი და სტრატეგიული ადგილმდებარეობის კუნძული გოტლანდი ბალტიის ზღვაში, საიდანაც კალინინგრადში მდებარე რუსეთის ბალტიის ფლოტის შტაბ-ბინამდე, მხოლოდ 300 კილომეტრამდე მანძილია. ამასთან ერთად, შვედეთისა და ფინეთის შეიარაღებული ძალები სკანდინავიის თოვლიან ტყეებში ინტენსიური წვრთნების შედეგად რთულ პირობებში მოქმედებას მიჩვეული არიან. 

ფინეთის სამხედრო ძალები

გეოგრაფიული თვალსაზრისით, ალიანსში ფინეთის გაწევრიანება NATO-ს თავდაცვას მნიშვნელოვნად გააძლიერებს. ქვეყანას ალიანსისთვის 280-ათასიანი არმიის, რეზერვისტებისა და განვითარებული მაღალტექნოლოგიური სამხედრო ინდუსტრიის შეთავაზება შეუძლია. ამასთან ერთად, ფინეთი და შვედეთი მზად არიან, რომ თავდაცვაზე მომდევნო წლების განმავლობაში მშპ-ს 2% დახარჯონ.

ასევე, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში შესვლა ალიანსის საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს. NATO-ს საჰაერო თავდაცვა საკმაოდ სუსტია, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპაში. შვედეთის ფრთოსანი რაკეტები და ფინეთის Cutting Edge US F 35-ის 64 საბრძოლო თვითმფრინავი NATO-ს საჰაერო თავდაცვისა და თავდასხმის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

რატომ ფინეთი და შვედეთი და არა უკრაინა და საქართველო?

მას შემდეგ, რაც ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში შესვლის სურვილი საჯაროდ გამოთქვეს, საქართველოსა და უკრაინის საკითხი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 

რეალურად თუ ვიმსჯელებთ, ფინეთიც და შვედეთიც წევრობისთვის ბევრ მოთხოვნას ზედმიწევნით აკმაყოფილებენ, რაც მოიცავს საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული მოქმედი დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის არსებობას, უმცირესობისადმი სამართლიანად მოპყრობას და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების ვალდებულებას. ამასთან ერთად, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება ალიანსის სამხედრო ძალას გააძლიერებს.

შესაბამისად, მაშინ, როდესაც ფინეთი და შვედეთი NATO-ს სამხედრო პოტენციალს გაზრდის, უკრაინასა და საქართველოს შემთხვევაში ალიანსმა ქვეყნების გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს. მიმდინარე ომის ფონზე ორივე ქვეყნის საკითხი უფრო პრობლემური გახდა. NATO-ს მსგავსი ტიპის გაფართოება რუსეთის პროვოცირებას გამოიწვევს და მან, შესაძლოა, უკანასკნელ ზომებს მიმართოს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და უკრაინის NATO-ში ინტეგრაცია ორივე სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, ალიანსი ამის თავიდან აცილებას ცდილობს.

ყოველ ჯერზე, როცა NATO-ელი მოკავშირეები უკრაინის ამა თუ იმ მოთხოვნის შესრულებისგან თავს ესკალაციაზე აპელირებით იკავებენ, დამოუკიდებელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს „პუტინის ბირთვული შანტაჟის“ შედეგია.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის, 2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომისა და ორი ქვეყნის სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, NATO საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და უსაფრთხოების გაძლიერებისკენაა მიმართული. უკრაინის შემთხვევაში, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, ალიანსი განსაკუთრებით აქტიურობს - გასათვალისწინებელია, რომ უკრაინის საზღვრებთან ჯარიც განალაგეს.

NATO-ს მხრიდან ნომინალური დამოკიდებულება გასაგებია. მიუხედავად იმისა, რომ ფინეთი რუსეთს ესაზღვრება. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ტერიტორიული კონფლიქტების მქონე სახელმწიფოს ნატოს წევრობის უფლება არ აქვს და მათი არგუმენტი პირდაპირ ეფუძნება NATO-ს მიერ 1999 წელს დაწესებულ წევრობის კრიტერიუმებს, სადაც პირდაპირ არის განსაზღვრული ვალდებულება, რომ კანდიდატებმა უნდა მოაგვარონ ტერიტორიაზე არსებული საერთაშორისო, ეთნიკური, საგარეო ტერიტორიული დავები მშვიდობიანი გზით. ამასთან ერთად, უნდა ჰქონდეთ გამართული სასამართლო სისტემა და ინსტიტუციები, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის გამართულ მუშაობას განაპირობებენ. სამწუხაროდ, საქართველო და უკრაინა ფინეთისა და შვედეთის მსგავსად ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ, ხოლო მიმდინარე ომმა სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანებისთვის აქტიურად მუშაობდნენ, რუსეთმა მუქარა გააძლიერა. პუტინის შეშფოთებამ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბარიც მოიცვა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ომიდან გამომდინარე რუსეთის საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის რეალური და აშკარაა, ორი ქვეყნის ალიანში გაწევრიანება ამ ეტაპზე არ მოხდება. 

ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხი დადებითი მოვლენაა როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის. თუ NATO ჩრდილოეთ ევროპაში გაფართოვდება, ეს რუსეთისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება. 

დავუბრუნდეთ აქტუალურ შეკითხვას - როდის გახდებიან ფინეთი და შვედეთი NATO-ს ოფიციალური წევრები? 

16 მაისს შვედეთის მთავრობამ NATO-ში გაწევრიანების მოთხოვნის გადაწყვეტილება მიიღო. "შვედეთის პარლამენტში უმრავლესობა NATO-ში გაწევრიანებისკენაა. შვედეთისთვისა და მისი მოსახლეობისთვის NATO-ში გაწევრიანება საუკეთესო მოვლენაა". – თქვა შვედეთის პრემიერმინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ფინეთი და შვედეთი წევრობის დოკუმენტს ხელს 29-30 ივნისს, მადრიდში დაგეგმილ NATO-ს სამიტზე მოაწერენ. ეს უპრეცედენტო სისწრაფე იქნებოდა, თუმცა, მაღალჩინოსნებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ “უპრეცედენტო დროში ვცხოვრობთ“. ამასთან ერთად, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ აღნიშნა, რომ რატიფიკაციის პროცესს 3 თვიდან ერთ წლამდე დასჭირდება, რადგან ის 30 ქვეყნის პარლამენტში უნდა განიხილონ და დაამტკიცონ, რაც დროში გაწელილი პროცესია. მაგალითისთვის - ჩრდილოეთ მაკედონიას, NATO-ს ბოლო წევრს, ხელმოწერიდან სრულ წევრობამდე 13 თვე დასჭირდა.

კომენტარები