საქართველო-NATO

სამხარაძე: ღარიბაშვილთან შეხვედრის გაუქმების მიზეზი სტოლტენბერგის ჯანმრთელობაა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაუქმდა.

"ჩემი ინფორმაციით, ამ შეხვედრის გადადებისა და გაუქმების მიზეზია სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოგეხსენებათ, მას კოვიდი ჰქონდა და ამის გამო, გასულ კვირაში ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებში მონაწილეობა ვერ მიიღო, ასევე ამ კვირის დასაწყისშიც. ერთადერთი შეხვედრა, რომელიც მას ჰქონდა, ეს იყო ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებთან, რომლებმაც ოფიციალურად შეიტანეს განაცხადი ნატო-ში წევრობაზე და ამ შეხვედრის გარდა, სხვა ყველა შეხვედრა გაუქმდა. ეს არის ინფორმაცია, რომელიც ბრიუსელში ჩვენი საელჩოდან გვაქვს. გამოვრიცხავ, რომ ამ შეხვედრის გაუქმება საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდებოდეს. არ შეიძლება, შიდა პოლიტიკური მოვლენა ამ შეხვედრის გაუქმების მიზეზი იყოს". – თქვა სამხარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

ბრიუსელში იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა, რომელიც 18 მაისს უნდა გამართულიყო, გაუქმდა. შეხვედრის გაუქმების შესახებ ინფორმაცია NATO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 17 მაისს გაემგზავრა. ის უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, რომელმაც ღარიბაშვილთან საუბარში ყურადღება ქვეყანაში რეფორმებისა და კანონის უზენაესობის საჭიროებაზე გაამახვილა.

კომენტარები