ინფლაცია საქართველოში

სებ: ინფლაციის დონე მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს მომდევნო წელს დაუახლოვდება

საქართველოს ეროვნული ბანკის განახლებული საბაზო პროგნოზით, "ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებას მიმდინარე წლის მე-2 კვარტალიდან დაიწყებს და მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს მომდევნო წელს დაუახლოვდება".

"რუსეთ-უკრაინის ომით შექმნილმა ახალმა რეალობამ წინა პროგნოზის გადახედვა გამოიწვია. კერძოდ, გლობალური მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსის დამატებითი გამწვავების გამო საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ენერგომატარებლებისა და საკვები ნედლეულის მკვეთრი გაძვირება საქართველოში სამომხმარებლო ფასებს უკვე გადმოეცა და მათი ზეგავლენა მოკლევადიან პერიოდში შენარჩუნდება. მიმდინარე შეფასებით, მთლიანი ინფლაცია 2022 წელს საშუალოდ 9.6%-ს შეადგენს, თუმცა, სხვა თანაბარ პირობებში, დროებითი ხასიათის ზემოაღნიშნულ ფაქტორთა ეფექტის ბუნებრივი ამოწურვა საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლამდე შემცირებას განაპირობებს. გარდა ამისა, რამდენადაც, ჯერ კიდევ კონფლიქტამდე არსებულ ინფლაციურ გამოწვევებზე პასუხად, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებისკენ იყო მიდრეკილი, მისი სრული ეფექტი ინფლაციაზე სწორედ მიმდინარე და მომდევნო პერიოდებში უნდა აისახოს" - ნათქვამია სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 1.8%-ით გაიზარდა და წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 12.8% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ინფლაციის დონის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს. ეკონომისტებისა თუ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით, ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევა მაღალი ინფლაციის დონეა. 

კომენტარები