ინფლაცია საქართველოში

ბოსტნეული 46.2%-ით, პური 28.8%-ით, ზეთი 20.8%-ით გაძვირდა, წლიური ინფლაცია 12.8%-ია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 1.8%-ით გაიზარდა და წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 12.8% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ინფლაციის დონის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს. ეკონომისტებისა თუ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით, ქვეყნის წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევა მაღალი ინფლაციის დონეა. 

წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული + 46.2%
  • პური და პურპროდუქტები + 28.8%
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები + 24.1% 
  • ზეთი და ცხიმი + 20.8%
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული + 19.3%
  • თევზეული + 18.9%
  • რძე, ყველი და კვერცხი + 18% 
  • ყავა, ჩაი და კაკაო + 17.6%
  • ხილი და ყურძენი + 14.4%
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები + 10.9% 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.7%-ით აისახა.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.4%-ით, რაც 2.7%-ით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29.1%). 

საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.4%-იანი მატება, რაც 0.97%-ით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (14.4%) ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11.2%), ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე - 6.5%. .

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის თქმით, ინფლაცია და ფასები გამოწვევად დარჩება მიმდინარე წელსაც. ეროვნული ბანკის შეფასებით კი, "ამ ეტაპზე  არსებული პროგნოზით მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მარტიდან შემცირდება, თუმცა წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება". სებ-ი აღნიშნავს, რომ საწვავის ფასების მკვეთრ მატებას ინფლაციის მაჩვენებელზე საგრძნობი გავლენა ექნება. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი რეკორდულ 12%-მდე გაზარდა და განმარტა, რომ მონეტარული პოლიტიკა "გამკაცრებისკენ მიდრეკილი" დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება.

კომენტარები