ევროკავშირი

ლეიენი: ევროკავშირის ერთსულოვანი კენჭისყრის წესის გაუქმებას მხარს ვუჭერ

president.gov.ua

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი ამბობს, რომ თუკი ევროკავშირი ერთსულოვანი კენჭისყრის წესის გაუქმებას გადაწყვეტს, იგი ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს. 

ევროკავშირის კრიტიკოსების შეფასებით, 27-ვე წევრ სახელმწიფოსთან შეთანხმების მიღწევის მოთხოვნა გადაწყვეტილების მიღების პროცესს ანელებს. მათი თქმით, აზრთა სხვადასხვაობა განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ საკითხებზე იკვეთება.

ფონ დერ ლეიენი ევროპის მომავლის კონფერენციის დახურვის ცერემონიაზე ევროპარლამენტის წინაშე გამოვიდა და თქვა, რომ მისი აზრით, ერთსულოვანი კენჭისყრის წესის შენარჩუნება, რიგ ასპექტებში, შინაარს მოკლებულია. 

"საქმე ის არის, რომ თქვენ გვითხარით ის, თუ რა მიმართულებით გსურთ ევროპამ სვლა განაგრძოს. ახლა ჩვენი ჯერია, ყველაზე პირდაპირი გზით მივიდეთ გამიზნულ შედეგამდე. ამისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ და დიახ, შესაძლებელია ხელშეკრულების შეცვლაც, თუ ამის საჭიროება იარსებებს". - თქვა ფონ დერ ლეიენმა. 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, წევრ ქვეყნებს ხელშეკრულების რეფორმირების საკითხზე სამსჯელოდ ივნისის საბჭოს სამიტი შესთავაზა. 

კომენტარები