Credit Suisse Group AG

"ჩნდება ეჭვი, ხომ არაა შანტაჟი და კოორდინაცია" – კობახიძე ივანიშვილის და Credit Suisse-ს დავაზე

"თუ ვინმეს აქვს მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნოს ქართულ პოლიტიკაში, იმისათვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მე მგონია, რომ ეს მინიმუმ მიუღებელი და პრინციპულად არასწორია. თუ ვინმეს ასეთი მცდელობა აქვს, ის ბიძინა ივანიშვილს კარგად არ იცნობს" - ასე აფასებს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ს შორის დავას.

ირაკლი კობახიძეს სამთავრობო სპიკერის და მხარდამჭერის, ხათუნა ხოფერიას FB-პოსტთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა, რომელმაც დაწერა, რომ "ომში საქართველოს ჩართვა ნაციონალებისა და მათი უკრაინელი კოლეგების კი არა, არამედ დიდი მოთამაშის ინტერესი და მიზანია. სინამდვილეში, ნაციონალები და უკრაინელები ამ დიდ თამაშში მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლები არიან". ხათუნა ხოფერიას აზრით, "შვეიცარიული ბანკის მიერ ტრანზაქციების შეჩერების და ამ მასშტაბის კოორდინაციის ორგანიზების რესურსი მხოლოდ ერთ დიდ მოთამაშეს - ამერიკას აქვს" და "ივანიშვილთან ევტუშენკოვსაც მათ დაარეკინეს".

ქართული ოცნების თავმჯდომარე ხათუნა ხოფერიას პოსტზე ამბობს, რომ "ვხედავთ რაღაც კოორდინაციას და ეს კოორდინაცია რომ კითხვებს აჩენს, ეს არის ალბათ ლოგიკური". ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ "პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე" დეტალებში ვერ შევა.

"რა თქმა უნდა, ჩვენთვის გასაკვირი იყო ის განცხადებები, რომელიც კეთდებოდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, იყო გაუგებარი კოორდინაცია მაღალი ხარისხით. ჩვენ გვახსოვს უკრაინის პრეზიდენტის აბსოლუტურად აუხსნელი, ალოგიკური გადაწყვეტილება ელჩის გაწვევის და აქაც ჩანდა კოორდინაცია, იყო სხვა შემთხვევებიც, სადაც იყო ალოგიკური მოვლენები. ევტუშენკოვის ზარიც გაუგებარია –  ანუ კაცი სანქციებს არ ექვემდებარება, ამას თავის მიზეზი უნდა ჰქონდეს, ახორციელებს ზარს და მერე ეს ზარი ხდება ენმ-სთან დაკავშირებული ტელევიზიებისთვის ერთთვიანი თემა. გამოგონილი თემა გაუგებარი ზარით, ესეც კოორდინაციაზე მიუთითებს.

ამას როცა ემატება შვეიცარიული ბანკიდან… იცით, რომ შვეიცარიული საბანკო სისტემა სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობდა ათწლეულების განმავლობაში და მთელი სახელმწიფო სისტემა იდგა პრაქტიკულად ამაზე და როცა ასეთი საბანკო სისტემის ერთერთი ნაწილი, კონკრეტული შვეიცარიული ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს დამატებით კითხვებს აჩენს.

არ ვიცი, ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს, თუ ვინმეს აქვს ასეთი მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნოს ქართულ პოლიტიკაში, იმისათვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მე მგონია, რომ ეს მინიმუმ მიუღებელი და პრინციპულად არასწორია. თუ ვინმეს ასეთი მცდელობა აქვს, ის ბიძინა ივანიშვილს კარგად არ იცნობს. არ ახსოვს ის თავდადება და თავგანწირვა, რაც გამოიჩინა 2012 წელს" - ამბობს კობახიძე.

კითხვაზე, ვისგან შეიძლება კოორდინაცია მოდიოდეს, ქართული ოცნების თავმჯდომარე პასუხობს, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

"იმედია, საბოლოო ჯამში ყველაფერს მოეფინება ნათელი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვის სურს, საქართველო ჩაებას ომში და ვის არ სურს. ომში ჩართვა არ არის მარტივი საკითხი, დღეს ომში საქართველოს ჩართვა ნიშნავს პრაქტიკულად ქვეყნის განადგურებას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ეს ვის სურს და ვის არ სურს.

უტყუარი ფორმით ვიცით, რომ ნაცმოძრაობას და მის გარეექსპერტებს სურთ და ასევე, უკრაინის ხელისუფლების მხრიდანაც მსგავსი განცხადებები პირდაპირი ფორმით კეთდება.

რაც შეეხება მეტ კონკრეტიკას, მეტს ბუნებრივია, ვერ ვიტყვი. გავრცელდა განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა თავად გამართოს პრესკოფერენციები, მე დაველოდებოდი მის პოზიციას ამ თემაზე" - თქვა კობახიძემ.

კითხვაზე, შვეიცარიული ბანკის მხრიდან ივანიშვილისთვის თანხის გადარიცხვების შეფერხების ფაქტს რატომ უნდა მიჰყავდეს ქვეყანა ომამდე, კობახიძე ასე პასუხობს:

"როდესაც ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვის შეფერხება ხდება მაშინ, როცა გადარიცხვას სჭირდება რამდენიმე საათი და როდესაც შვეიცარიული ბანკი მთელ საბანკო სისტემის აყენებს კითსვის ნიშნის ქვეშ, იქ, რა თქმა უნდა, უფრო ღრმა ეჭვებში შეიძლება შეხვიდე, ხომ არ არის ეს შანტაჟი, მითუმეტეს, რომ თავად ბანკის განცხადებაში პოლიტიკური მესიჯი იყო გამორეული.

თუ ეს არის პოლიტიკური შანტაჟი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მათ არ სცნობიათ კარგად ბიძინა ივანიშვილი თუ აქვთ იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი თანხის სანაცვლოდ ვინმეს ქვეყანას გაანადგურებს, მათ არ სცოდნიათ კარგად ბიძინა ივანიშვილი და მისი ხასიათი" - ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე.


ქართული ოცნების დამფუძნებელი და ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის მიერ დანიშნულ Green Vals Trust-ს გერნისის სასამართლოში უჩივის. PR კომპანია Cision-ი, რომელიც ივანიშვილსა და Credit Suisse-ისგან სხვა დაზარალებულებს ემსახურება, აცხადებს, რომ Green Vals Trust-მა ბენეფიციარების აქტივების მართვასთან დაკავშირებით ვალდებულებები დაარღვია და მათი ინტერესები არ დაიცვა.

განცხადების თანახმად, 2022 წლის 4 მარტს ბენეფიციარებმა თანხა მოითხოვეს, რწმუნებულმა კომპანიამ კი ტრანზაქციაზე თანხმობა მხოლოდ 4 აპრილს გასცა, რამაც ბენეფიციარებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური ზიანი მიაყენა.

Green Vals Trust-მა შეფერხების მიზეზად "აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური გარემო" დაასახელა, რაც მას ძირითადი ფუნქციების შესრულებაში ხელს უშლიდა. PR კომპანია აცხადებს, რომ ბენეფიციარებს, მათ შორის, ივანიშვილს არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან და მათ წინააღმდეგ სანქციები არ დაწესებულა. თუმცა, წარმომადგენელი თვლის, რომ ივანიშვილი არა მხოლოდ დისკრიმინირებულია Green Vals Trust-ის მიერ, არამედ Credit Suisse-ის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 4 მარტის მოთხოვნის შემთხვევა არ ყოფილა ერთადერთი პრობლემა, ვინაიდან რწმუნებული კომპანია იმავენაირად მოიქცა ივანიშვილის მიერ 2022 წლის 14 აპრილს გაცემული ინსტრუქციის დროსაც, რომელიც თანხების შემდგომ გადანაწილებისა და გადასაჭრელ პრობლემებს შეეხებოდა. კომპანია აცხადებს, რომ თანხის გაცემის პროცესი კვლავ ბენეფიციარების უფლებების დარღვევით მიმდინარეობს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რწმუნებულის მიერ მართული თანხები არ არის დაკავშირებული არცერთ სამართლებრივ დავასთან და ეს აქტივები ფინანსური სტრუქტურებისგან დამოუკიდებელია.

"ბატონი ივანიშვილი უკიდურესად უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ გრძელდება მისი აქტივების მართვა. ფაქტობრივად, ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც რწმუნებულის მოქმედებები ტოტალურად ეწინააღმდეგება მის მიზანსა და პრინციპებს. რეალობა არის ის, რომ Green Vals Trust-ის მოქმედებები ურთიერთგამომრიცხავია, არ გააჩნია ეკონომიკური დასაბუთება და ქმნის სახიფათო პრეცედენტს.

ბენეფიციარების ეს პოზიცია მკაფიოდ ჩამოყალიბდა 2022 წლის 14 და 29 აპრილის წერილებში, ხოლო მათზე რწმუნებულს პასუხი არ გაუცია, რადგან ცხადია, რომ მას სათქმელი აღარაფერი აქვს. ყველაზე საინტერესოა ის, რომ ბანკი მის ქმედებასა და უმოქმედობას საერთაშორისო პოლიტიკას უკავშირებს, რაც იღებს პოლიტიკური ზეწოლის ფორმას, თუ ეს სხვა ფაქტორებით არაა განპირობებული. კლიენტს საკუთარი ახსნა აქვს ამ მოვლენებთან დაკავშირებით და დეტალებს შესაბამის დროს მოგაწვდით. ეს არ უკავშირდება კლიენტსა და ბანკს შორის სასამართლო დავას ან მის შედეგებს – სამართლებრივი დავების შედეგები ძირითადად ნათელი და განჭვრეტადია". – თქვა ივანიშვილის პრესსპიკერმა.

PR კომპანიის ცნობით, უახლოს კვირებში ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო მედიასთან რამდენიმე პრესკონფერენციის მოწყობას აპირებს, რათა "დეტალურად აჩვენოს როგორ მუშაობს Credit Suisse, ზოგადად შვეიცარიის საბანკო სისტემა და რამდენად დაუცველი შეიძლება იყოს ნებისმიერი კლიენტი შვეიცარიის ფინანსურ სექტორში ინვესტირებისას".

შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse Group AG-მ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბერმუდის სასამართლოში მრავალწლიანი დავა წააგო. ბანკს ივანიშვილისთვის $500 მილიონამდე გადახდა დაეკისრა.

ბიძინა ივანიშვილი CreditSuisse-ს უჩიოდა ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა ქონებიდან დაახლოებით $400 მილიონი დაკარგა, როცა ამის ცხადი ნიშნები ჩანდა. დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ბერმუდას სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ ამ ფილიალში დაკარგა. ასევე, ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმემ შეიძლება გზა გაუხსნას სინგაპურისა და ახალი ზელანდიის სასამართლოებში განხილვაში მყოფ საქმეებს.

კომენტარები