საზოგადოებრივი მაუწყებელი

ცენზურა და მაღლაფერიძის გავლენის ზრდა – საზმაუ კიდევ ერთმა ჟურნალისტმა დატოვა

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთმა ჟურნალისტმა, ქეთი თუთბერიძემ დატოვა. თუთბერიძე მედია ჩეკერთან ინტერვიუში ტელევიზიაში სამეურვეო საბჭოს ახალი თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის გავლენის ზრდაზე, ჟურნალისტებზე ზეწოლასა და ცენზურაზე საუბრობს. 

"ბოლო დღეებია, ჩემთვის ტოქსიკური გარემოა, რადგან ორი თანამშრომლისგან სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ცილისწამების მსხვერპლი გავხდი. სამსახურში ბულინგის ასეთი პრეცედენტი ჩემთვის პირველი შემთხვევაა". - ამ განმარტებით თუთბერიძემ სამსახურიდან წასვლაზე განცხადება 2 მაისს დაწერა. 

თუთბერიძე ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წასვლა 2020 წლის გაზაფხულზე გადაწყვიტა, როცა მაშინდელი დირექტორისგან, ვასილ მაღლაფერიძისგან მასზე წნეხი დაიწყო. მისივე სიტყვებით, წასვვლაზე მუდმივად ფიქრობდა, მაგრამ აკავებდა ფიქრი, რომ ეს კომპრომისი იქნებოდა.

"თუმცა, ეს კონტროლი ისეთი შემაწუხებელი იყო, ყოველდღე ვფიქრობდი წამოსვლაზე. მალევე ვასილ მაღლაფერიძე გადადგა და იმედგაი გამიჩინა თინათინ ბერძენიშვილის დირექტორად არჩევამ. ჩემთვის იგი, თავისი ღირებულებათა სისტემით, ძალიან მისაღები დირექტორი იყო.

2017 წლის დასაწყისიდან 2018 წლის ოქტომბრამდე ისე ვიმუშავე მოამბეში, რომ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში ჩარევის ერთი მცდელობაც არ მახსენდება. 2019 წლიდან კი, როცა ახალ კვირაში გადავედი და ანალიტიკურ მასალებზე დავიწყე მუშაობა, ნელ-ნელა დაიწყო ზეწოლა, თითქოს, ხიბლში შედიოდა ეს კონტროლი". - ამბობს თუთბერიძე. 

თუთბერიძის თქმით, კონტროლის სისტემის ავტორი ვასილ მაღლაფერიძე იყო, ხოლო ზეწოლის გამტარი - ეკა შონია. ჟურნალისტი ამბობს, რომ  მას პირადი შეტყობინებით ან სატელეფონო ზარით არაერთხელ მიუცია უცნაური შინაარსის შენიშვნა Facebook-სტატუსთან ან სიუჟეტის ტექსტთან დაკავშირებით. კითხვაზე, თუ რატომ იყო ახალ კვირაზე მეტი ზეწოლა, ვიდრე სხვა გადაცემებზე, ქეთი თუთბერიძე ამბობს, რომ ეს გადაცემა ვასილ მაღლაფერიძის ჩართულობით შეიქმნა და მთავარი პროდიუსერი ეკა შონია იყო, პასუხისმგებლობაც შონიას ეკისრებოდა.

ქეთი თუთბერიძე ასევე ყვება, რომ მკაცრად აკონტროლებდნენ რესპონდენტების სიასაც. 

"რა თქმა უნდა, პროდიუსერს და რედაქტორს შეუძლიათ იკითხონ, ვინ არიან რესპონდენტები, გაიარონ რეპორტაჟის დეტალები ჟურნალისტებთან, მაგრამ, როდესაც გყავს ანალიტიკური გადაცემისთვის დაკომპლექტებული ძლიერი გუნდი და დამწყები ჟურნალისტივით უკონტროლებ ყველა დეტალებს და არკვევ ამა თუ იმ რესპონდენტს რამე ცუდი ხომ არ აქვს პირველ არხზე ნათქვამი, ეს სერიოზულ ეჭვებს ბადებს". - ამბობს ის. 

თუთბერიძე აღნიშნავს, რომ ვერც 2019 და ვერც 2020 წელს, 17 მაისს ვერ გააკეთეს სიუჟეტი LGBTQ+ თემის უფლებებზე - მათ ეუბნებოდნენ, რომ ეს "პოპაგანდად" ჩაეთვლებოდან. მისივე ინფორმაციით, აკონტროლებდნენ სოციალურ ქსელში აქტივობას - ლაიქებსა და სტატუსებს. 

"ჩემთან მიმართებით, ძირითადად, ამ კუთხით იყო პრეტენზია. ცხადია, მე პოლიტიკურად ანგაჟირებული სტატუსი არასდროს დამიწერია, არ გამომიხატავს სიმპატია რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ, არასდროს, დამიწერია დისკრიმინაციული კომენტარი, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაცები აშკარად არ მოსწონდათ და ამას თავისუფალი აზრის გამოხატვად კი არა, მიკერძოებად აფასებდნენ". - ამბობს ის.

მისივე თქმით, როდესაც იმედის ეთერში გავიდა ნიკა ლალიაშვილის ინტერვიუ ქართული ოცნების დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან, Facebook-ზე ირონიული პოსტი - ე.წ. ჰარდ-თოქის განმარტება დაწერა. 

"ამაზე ეკა შონია აღშფოთდა. მომწერა, ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა შენი სტატუსი და წაშალეო. თუმცა, არ წამიშლია. ჩემი სიუჟეტებისა და საჯარო კომენტარების კონტროლი ერთხელაც გადავიდა წნეხის ფაზაში. პირველი სერიოზული კონფლიქტი 2020 წლის 9 მაისს მოხდა. თათბირზე დავგეგმეთ სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა საბჭოთა ჯარის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულს ცენტრალურ ევროპასა და ბერლინში. ყველამ ვიცით, რომ რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, თითქოს მესამე რაიხი მხოლოდ საბჭოთა კავშირმა დაამარცხა და ევროპას თავისუფლება მოუტანა. 

ჩემი სიუჟეტის აქცენტი კი იყო იმაზე, რომ ცენტრალურ ევროპაში ერთი ბოროტება, მესამე რაიხი, შეცვალა მეორე ბოროტებამ - საბჭოთა კავშირმა. ეს თემა თათბირზე მისაღები იყო პროდიუსერებისთვის, მათ შორის ეკა შონიასთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ მანამდეც და მერეც არაერთი სიუჟეტი გვქონია საბჭოთა ჯარის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულზე უნგრეთში, პრაღასა და ლიეტუვაში, თავისთავად 9 აპრილზე და ასევე საბჭოთა რეპრესიებზე. ყოველი თებერვლის ბოლო კვირას ჩვენი გადაცემა, ასევე მოამბე და არხის სხვა გადაცემები საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილ სისასტიკეს ეთმობოდა. შესაბამისად, ვერაფრით დავუშვი, რომ ეს თემა პრობლემად იქცეოდა ვინმესთვის". - ამბობს თუთბერიძე მედია ჩეკერთან. 

თუთბერიძის თქმით, სიუჟეტი ეთერში 10 მაისს უნდა გასულიყო , 9 მაისს Facebook-ზე იმავე შინაარსით პოსტი დაწერა, რის შემდეგაც ეკა შონიამ დაურეკა და უთხრა, "ვასიკომ [მაღლაფერიძემ] დამირეკა და გაგიჟდა შენი სტატუსის გამოო". 

თუთბერიძის თქმით, სიუჟეტი დაუბლოკეს, არგუმენტად კი უთხრეს, რომ ის ვეტერანების წვლილს დააკნინებდა. სიუჟეტის დაბლოკვას ვასილ მაღლაფერიძის თათბირი მოჰყვა - ის ამტკიცებდა, რომ ამ თემით საზოგადოებრივ მაუწყებელს პრობლემა შეექმნებოდა. თუთბერიძეს უხსნიდა, რომ მსგავსი ნარატივი "ყოვლად მიუღებელია" - შეფარულად ნაცისტური და 9 მაისს ეს სიუჟეტი ეთერში არ უნდა გასულიყო. ასევე, "დიდაქტიკური ლექცია" წაიკითხა იმაზე, თუ როგორ უნდა აკონტროლონ მაუწყებლის ჟურნალისტებმა პოსტები. თუთბერიძე ამბობს, რომ თათბირს მაშინდელი თანამშრომლების თითქმის სრული შემადგენლობა ესწრებოდა  - სოფო ზედელაშვილის, იმედა დარსალიას, ოთო გიორგაძის, თამთა ჯანაძის და ვიკა ბუკიას გარდა. ჟურნალისტის თქმით, თანამშრომლების ნაწილმა მაღლაფერიძის პოზიცია არა ცენზურად, არამედ იდეოლოგურ აცდენად შეაფასა. 

თუთბერიძე ამბობს, რომ თათბირის შემდედ მასზე კონტროლი გაძლიერდა - განსაკუთრებით, Facebook-სტატუსებსა და კომენტარებზე. 

"მაგალითად, 2020 წლის არჩევნებამდე 3 თვით ადრე გავაზიარე თამარ ჩერგოლეიშვილის ძალიან საინტერესო სტატია ვინ დაამარცხებს გველეშაპს და მახსოვს, ამის გამო საკმაოდ უხეში ფორმით შენიშვნაც კი მივიღე. 2 კვირის შემდეგ, ეკა შონიამ თათბირზე მითხრა, ყელშია ამოსული შენი სტატუსები და ჩერგოლეიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში რამ დაგათაგინაო. თუმცა, სტატუსი არც მაშინ წამიშლია". - ამბობს ის. 

თუთბერიძის თქმით, ჰქონდა განცდა, რომ ზეწოლა ეკა შონიაზეც იყო - მას შემდეგ, რაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა, ის გადაცემას საკუთარი ნებით ჩამოშორდა. მაღლაფერიძის წასვლის შემდეგ გადაცემის ჟურნალისტებმა თინათინ ბერძენიშვილისგან მიიღეს გარანტია, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებლები იქნებოდნენ. 

კითხვაზე, ადასტურებს თუ არა იმედა დარსალიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მაუწყებელში ე.წ. შავი სიები არსებობდა, თუთბერიძე პასუხობს: 

"სამწუხაროდ, ტელევიზიის გარეთ ბევრს გაუჩნდა განცდა, რომ არსებობდა რაღაც სია, რომელიც მეილზე მივიღეთ, და გვისაზღვრავდა, უნდა ჩაგვეწერა და ვინ არა. ეს ასე არ არის. ეს იყო ზეპირსიტყვიერი რეგულაციასავით და რესპონდენტების დაბლოკვის მთავარ კრიტერიუმად პირველი არხის მიმართ ამ ადამიანების განწყობა განიხილებოდა. უფრო მარტივად რომ ავხსნა, თუ რომელიმე მათგანს პირველ არხზე რაიმე კრიტიკული ჰქონდა ნათქვამი ან დაწერილი, არასასურველი რესპონდენტი ხდებოდა. ეს არ ეხებოდა პოლიტიკოსებს, ძირითადად ექსპერტებზე და არასამთავრობო სექტორზეა საუბარი. მსგავსი ტაქტიკა ყველაზე აქტუალური 2019-2020 წლებში იყო.

ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ მოვლენებს, ამის შემდეგ იმედა დარსალია ალაპარაკდა ცენზურის ფაქტებზე, რასაც ძირითადად 2018-2019-2020 წლებში აწყდებოდა ახალი კვირის გუნდი.

იმედა დარსალიას მიერ პრესკონფერენციაზე ჩამოთვლილი ადამიანები არაერთხელ ჩაგვიწერია ახალ კვირაშიც და მოამბეშიც. მაგალითად, თინა ხიდაშელი, ზურაბ ბატიაშვილი და ეკა აკობია ბოლოს 2021 წლის ნოემბერში ჩავწერე, გადაცემის დახურვამდე ერთი თვით ადრე. იმ წლებშიც, რაც წეღან დავასახელე, ამ ადამიანებთან ინტერვიუებს ვწერდით, მაგრამ თუ რომელიმე მათგანი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კრიტიკულ პოსტს ან კომენტარს დაწერდა, პერიოდულად იბლოკებოდნენ. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ მაინც ვწერდით ხოლმე ინტერვიუებს. ფაქტობრივად, მაშინდელი მენეჯმენტის სუბიექტური დამოკიდებულებით ხდებოდა რესპონდენტების განსაზღვრა ახალ კვირაში. ასეთი მიდგომა საზოგადოებრივ მაუწყებელში ძალიან ინფანტილური და არასერიოზულია". 

თუთბერიძე ამბობს, რომ 2021 წელს ამ ადამიანების სიით იმედა დარსალია თინათინ ბერძენიშვილთან შევიდა რესპონდენტების დაბლოკვის მეთოდზე მოუწვა - "ამან ახალი დირექტორი გააოგნა" და, ჟურნალისტის თქმით, მას შემდეგ მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორებულა. თუთბერიძის თქმით, ბერძენიშვილის დირექტორობის დროს სოციალურ ქსელში აქტიურობის გამო ზეწოლა, მათზე "აზრის პოლიციის" წნეხი და სისტემური ცენზურა არ ყოფილა. 

"თუმცა ამა თუ იმ სიუჯეტის იდეაზე არაერთხელ მომისმენია ფრაზა "ამას არ გაგვაკეთებინებენ", ან შევსწრებივარ თემის შერბილების მცდელობას, თუ რაღაც ძალიან მწვავე პოლიტიკურ თემას მოიტანდა ვინმე. ყოველთვის თუ არა, ხშირ შემთხვევაში, ჟურნალისტი მაინც აღწევდა თავისას.

მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ახალ კვირაში არასდროს გასულა ტყუილი ან ფაქტი არავის დაუმახინჯებია, გავიდა რამდენიმე საკმაოდ კრიტიკული სიუჟეტი სუს-ის მოსმენების სკანდალზე, მიხეილ სააკაშვილის შელახულ უფლებებზე, ქართული ოცნების ბუნდოვან საგარეო კურსზე, გენეტიკური დაავადებების მქონე ბავშვებზე, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიტოვებული ჰყავს, და ა.შ". - ამბობს ის. 

თუთბერიძე მედია ჩეკერთან ამბობს, რომ 2021 წლის დეკემბერში ახალი კვირის რეორგანიზაცია მისთვის მოულოდნელი იყო. ჟურნალისტისთვის კონკრეტული მიზეზი უცნობია - მისი სიტყვებით, გაჩნდა ეჭვი, რომ თავისუფლების გამო სჯიდნენ. 

"იმედა დარსალიამ კი საჯაროდ არაერთხელ აღნიშნა, რომ ალტ-ინფოზე გასული ჩემი სიუჟეტის შემდეგ, კოკა მორგოშიას მუქარა გადაცემის მიმართ დროში ძალიან ცუდად დაემთხვა რეორგანიზაციას. ამის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები ზოგადად ვარაუდის გახმოვანებას მტკიცებულების გარეშე.

საზოგადოების ნაწილში დაიბადა მცდარი აზრი, თითქოს მართლაც ალტ-ინფო მართავს საზოგადოებრივ მაუწყებელს. ეს ძალიან შეურაცხმყოფელი იყო სხვა თანამშრომლებისთვის, რადგან 5 ივლისს რუსთაველზე ალტ-ინფოს მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ აქციაზე პირველი არხის სამი ჟურნალისტი სიკვდილს გადაურჩა და რა თქმა უნდა, არხის აფილირება პრორუსულ ძალასთან მიუღებელია მათთვის". - ამბობს თუთბერიძე. 

ჟურნალისტი ამბობს რომ 25 მარტს იმედა დარსალიამ წარსულში მასან დაკავშირებულ ცენზურის ფაქტებსა და დაბლოკილ რესპონდენტებზე შეუთანხმებლად ისაუბრა. 

"ეკრანიდან ვისმენდი ფრაგმენტებს და სხვადასხვა მედიაში ვკითხულობდი კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფაქტებს, რაც მე მიკავშირდებოდარაც ძალიან უსიამოვნო იყო. როგორც სოფო ზედელაშვილმა და თამთა ჯანაძემ მითხრეს, მათ არ იცოდნენ, ამ ფაქტების სააშკარაოზე გამოტანა ჩემთან შეუთანხმებელი იყო.

მენეჯმენტთან დაპირისპირებაში იმედა დარსალიას შეუერთდნენ თამთა ჯანაძე და სოფო ზედელაშვილი. მე მათ ამ ბრძოლაში არ გავყევი. ვუთხარი, რომ მირჩევნია, გავაგრძელო შიდა ბრძოლა და დაუმორჩილებლობა ცენზურის ყველა მცდელობის შემთხვევაში თუ ასეთი რამ მოხდებოდა. ასევე ვუთხარი მათაც და ახალი კვირის სხვა ჟურნალისტებსაც, რომ ვითანამშრომლებდი ყველასთან და მოვყვებოდი სიმართლეს მოკვლევის შიდა პროცესში. ასევ მოვიქეცი". - ამბობს ის. 

თუთბერიძის თქმით, როდესაც დარსალიამ თქვა, რომ ახალ კვირაში ცენზურის ქვეშ მოექცა სიუჟეტი სსრკ-ს სამხედრო დანაშაულის შესახებ, იმ სიუჟეტს გულისხმობდა, რომელიც პოსტის შემდეგ დაუბლოკეს.

"მაშინ ძალიან მომინდა გავქცეოდი ამ პრობლემებს, - არც სამსახურში დავრჩენილიყავი და არც ამ პროცესში ჩავრთულიყავი. იმასაც ვაცნობიერებ, რომ ასე არ გამოვიდოდა და ჩემი წილი პასუხისმგებლობა უნდა ამეღო. დღეს, როცა ვასილ მაღლაფერიძე, თავისი პოლიტიკური წარსულითა და "აზრის პოლიციის" პრაქტიკით, ბორდის თავმჯდომარედ ბრუნდება, მიჩნდება ეჭვი, რომ ისევ დაბრუნდება ძველი პრაქტიკა და საზოგადოებამ ამ ფაქტების შესახებ უნდა იცოდეს". - ამბობს თუთბერიძე. 

მისივე სიტყვებით, ელოდოებოდა, რომ რეორგანიზაცია დასრულდებოდა და გადაცემა ეთერში დაბრუნდებოდა - თუმცა ის გაწელილი რეორგანიზაციის პროცესშია. 

ქეთი თუთბერიძე ამბობს, რომ შიდა მოკვლებვის ფარგლებში ისაუბრა აკრძალულ სიუჟეტებსა და რესპონდენტების დაბლოკვის მცდელობებზე, თუმცა ბორდის თავმჯდომარედ მაინც მაღლაფერიძე აირჩიეს და თქვეს, რომ მოკვლევის შედეგად სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის ფაქტი არ გამოიკვეთა, რაც მისთვის "საგანგაშო სიგნალია". 

თუთბერიძე ასევე ამბობს, რომ მანამდე სამსახურიდან გაშვებულ სამ ჟურნალისტთან მნიშვნელოვან საკითხებზე აზრთა სსხვადახვაობა აქვს და მათ ღია და საჯარო ბრძოლას არ შეუერთდა, თუმცა მათი სამსახურიდან გათავისუფლება ცრუ ბრალდებების მუხლით და დამოუკიდებელი მოკვლევის გარეშე "ყოვლად მიუღებელია"

თუთბერიძე ასევე საუბრობს, რომ ვასილ მაღლაფერიძის დაბრუნებასა და კოლეგების გაშვებასთან ერთად, მისი წასვლის მიზეზი "ტოქსიკური გარემოა", რომელიც ბოლო პერიოდში შეიქმნა - მისივე სიტყვებით, 25 მარტს გამართული ბრიგინგის შემდეგ თანამშრომლებმა "ეჭვით დაუწყეს ყურება", ბოლოს კი, როდესაც მოკვლევის გარეშე მათი გაშვება საჯარო კომენტარით გააპროტესტა, ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეურაცხყოფა მიაყენა. 

"ახლა რამდენიმე ადამიანი ჩემი რეპუტაციის შელახვას ცდილობს. უცებ აგორდა ჩემზე ბინძური კამპანია, რომ მე ვარ ამ პროცესების "რუხი კარდინალი" და "ტელევიზიაში გადატრიალება დამიგეგმავს". სხვა ვერსიაც მესმის, რომ თურმე ცენზურის მცდელობის არცერთი ფაქტი არ დამიდასტურებია. საბედნიეროდ დირექტორთა საბჭოსთვის მიცემული ჩემი ჩვენების ჩანაწერი არსებობს.

ასევე ზოგიერთი ადამიანი, ორმელსაც ტელევიზიასთან შეხება არ აქვს, მწერდა, რატომ ვიყავი ჩუმად იმ პრობლემებზე, რაც მე გადამხდა. ყველას ვერ ავუხსნი, რომ ჩემს მოვალეობას ყოველთვის კეთილსინდისიერად ვასრულებდი და ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის ან სოციალურ ქსელში აქტიურობის გამო მიღებულ შენიშვნას უკომპრომისოდ ვხვდებოდი. ამას ჩემი რეპორტაჟები ბევრად ნათლად ადასტურებს, ვიდრე სიტყვები". - ამბობს თუთბერიძე.    

კითხვაზე კი, თუ რატომ არ საუბრობდა ამ საკითხებზე წარსულში საჯაროდ, თუთბერიძე პასუხობს, რომ  საზოგადოებრივ მაუწყებელში შიდა ბრძოლა და დაუმორჩილებლობა პროფესიული უკომპრომისობით უფრო სწორი სტრატეგია ეგონა, ვიდრე საჯაროობა და შიგნით ამაზე სულ საუბრობდნენ. 

"თავის დროზე არასამთავრობო სექტორის არაერთ წარმომადგენელს მოვუყევი აღნიშნული ფაქტის შესახებ. ამ ადამიანების უმრავლესობამ მირჩია, საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუციის იდეისთვის არ მეღალატა, დავრჩენილიყავი არხზე და არ დამეშვა ზეწოლა საკუთარ თავზე.

გარდა ამისა, თუ აქამდე ვფიქრობდი, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის ფაქტზე საუბარი წლების შემდეგ არარელევანტურია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკვე სხვაგვარად ვფიქრობ, რადგან მაუწყებელში ვასილ მაღლაფერიძის გავლენა სავარაუდოდ, გაძლიერდება და მხოლოდ მასშიც არ არის პრობლემა.

მაუწყებელს მძიმე ცენზურის მრავალწლიანი პრაქტიკა აქვს გამოვლილი, მითუმეტეს წინა ხელისუფლების პირობებში და ზოგადად, უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ ყველა დაბლოკილმა მასალამ იხილოს დღის შუქი". - ამბობს ის მედია ჩეკერთან. 

კომენტარები