რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აზოვსტალიდან ევაკუირებული 156 ადამიანი ზაპოროჟიაში ჩავიდა – ზელენსკი

REUTERS/Alexander Ermochenko

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მარიუპოლში რუსული ძალების მიერ ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან 156 მშვიდობიანი მოქალაქე გამოიყვანეს და ისინი უკვე უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ზაპოროჟიაში არიან.

"ჩვენ საბოლოოდ მივიღეთ მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნიდან ევაკუაციის პირველი შედეგი, რომელსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვგეგმავდით.  ამას დიდი ძალისხმევა, ხანგრძლივი მოლაპარაკებები და სხვადასხვა შუამავალი დასჭირდა.ზაპოროჟიაში 156 ადამიანი ჩავიდა, ქალები და ბავშვები. ისინი ორ თვეზე მეტია თავშესაფარში იმყოფებიან. უბრალოდ წარმოიდგინეთ, მაგალითად, ბავშვი ექვსი თვისაა, საიდანაც ორი მიწისქვეშ გაატარა, გაურბოდა ბომბებსა და თავდასხმებს. საბოლოოდ ეს ადამიანები სრულიად უსაფრთხოდ არიან". – თქვა ზელენსკიმ გავრცელებულ მიმართვაში.

აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია 1 მაისს გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობით დაიწყო.

2 მაისს მარიუპოლში მებრძოლი მე-12 ბრიგადის მეთაურმა, დენის შლეგმა თქვა, რუსეთის ძალების მიერ ალყაში მოქცეულ აზოვსტალის ქარხანაში 200-მდე ადამიანი, მათ შორის, 20 ბავშვი რჩებოდა.

გასულ დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სამხედრო ძალები ქარხანას უწყვეტად, მათ შორის ევაკუაციის პერიოდშიც უტევდნენ. Maxar Technologies-ის სატელიტურ ფოტოებზე ჩანს, რომ აზოვსტალის ქარხნის თითქმის ყველა შენობა განადგურებულია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები