რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა მარიუპოლიდან რუსეთში ან დონეცკში თითქმის 40 000 ადამიანი გადაიყვანეს – ბოიჩენკო

რუსეთის საოუკუპაციო ძალების ტანკები რუსეთისა და ე.წ. დსრ-ს დროშებით
Chingis Kondarov/Reuters

მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს ინფორმაციით, ოკუპანტებმა მარიუპოლიდან რუსეთში ან დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში თითქმის 40 000 ადამიანი გადაასახლეს.

"ჩვენ უკვე გადავამოწმეთ მარიუპოლიდან რუსეთში ან ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში გადასახლებულთა სიები - თითქმის 40 000 ადამიანია. ახლა მათ სიების დამალვა დაიწყეს. სამწუხაროდ, ამ დროისთვის ყველაფრის გადამოწმება არ შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას". - თქვა მან.

ბოიჩენკოს ინფორმაციით, რუს სამხედროებს მოქალაქეები რუსეთის გარეუბნებში მიჰყავთ -  შორეულ აღმოსავლეთში ან ციმბირში და იქ "სხვადასხვა სამუშაოსთვის იყენებენ". მისივე ცნობით, მარიუპოლის მოსახლეობას განსახლების სერთიფიკატს აძლევენ და "დამამცირებენ სამუშაოებში" აღებინებენ მონაწილეობას.  

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები