დნესტრისპირეთი

დნესტრისპირეთში უკრაინას რუსული იარაღის საწყობის მიმართულებით სროლაში ადანაშაულებენ

მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, სეპარატისტული რეგიონის მიმართულებით უკრაინამ დრონები გაუშვა. ასევე, დნესტრისპირეთში უკრაინას რუსული იარაღის საწყობის მიმართულებით სროლაში ადანაშაულებენ.

სეპარატისტების ბრალდებით, 27 აპრილს, დილით, 08:45 საათზე, უკრაინამ დნესტრიპირეთის კოლბასნას დასახლების მიმართულებით ცეცხლი გახნა.

"წუხელ, დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე, რიბნიცას რაიონის, სოფელ კოლბასნას ცაზე რამდენიმე დრონი დაფიქსირდა. დრონები უკრაინამ გაუშვა". - წერია განცხადებაში.

ე.წ. სამინისტროს მიხედვით, კოლბასნაში ევროპაში საბრძოლო მასალის ერთ-ერთ ყველაზე დიდი საცავი მდეობარეობს.

ასევე, მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, დნესტრისპირეთში არის დაძაბულობა სხვადასხვა ძალას შორის, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ. ამასთან ერთად, სანდუ არ გეგმავს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების წარმოებას.

25-26 აპრილს მოლდოვაში სამი აფეთქება მოხდა. პირველად ყუმბარმტყორცნიდან სეპარატისტული რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების სამინისტროს შენობას ესროლეს. ამას მოჰყვა ტირასპოლის მახლობლად მყოფ სოფელში სამხედრო ნაწილში მომხდარი აფეთქება, შემდეგ კი მაიაკის დასახლებასთან რადიოგადამცემი ხაზების აფეთება მოხდა. 

25 აპრილს მოლდოვის რეინტეგრაციის ბიურო გამოეხმაურა სეპარატისტულ რეგიონში მომხდარ პირველ შემთხვევას და ინციდენტის მიზნად სიტუაციის გამწვავების საბაბის შექმნა დაასახელა.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში მომხდარი ინციდენტი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი იყო, ხოლო დნესტრისპირეთის ე.წ. პრეზიდენტი ადანაშაულებს კიევს და ამბობს, რომ თავდასხმების კვალი უკრაინამდე მიდის.

1990-1992 წლებში მოლდოვაში მიმდინარეობდა დნესტრისპირეთის ომი. დაძაბულობამ პიკს 1992 წელს მიაღწია, როდესაც საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი იყო და გამოცხადებული იყო მოლდოვის რესპუბლიკა. ომი სამშვიდობო შეთანხმებით ამავე წელს დასრულდა.

დნესტრისპირელ სეპარატისტებს, რომელთა უმრავლესობა ეთნიკური რუსი იყო, მხარს უჭერდა ყოფილი საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი უკვე რუსეთის მე-14 გვარდიული არმია. რუსი სამხედროები დნესტრისპირეთში დღესაც დგანან. სეპარატისტული რეგიონი უკრაინას ესაზღვრება. დნესტრისპირეთის კონფლიქტი უკვე რამდენიმე წელია, რაც გაყინულ კონფლიქტად ითვლება.

კომენტარები