პოლონეთი

პოლონეთმა 35 რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა, მათ შორის, გაზპრომს

პოლონეთმა 35 რუსულ კომპანიას და 15 ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა, მათ შორის, გაზპრომს. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მარიუშ კამინსკის თქმით, სანქციები დაუწესდა კომპანიების მფლობელ რუს ოლიგარქებსაც. ასევე, ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმთან დაკავშირებულ კომპანიებს.

სანქცირებულთა შორის არის Novatek (გაზის კომპანია), PhosAgro (სასუქების, შხამქიმიკატების და სხვა აგროპროდუქციის მაგნატი), Beloil (ნავთობის იმპორტიორი), Acron Pao, Barter Coal, Go Sport Polska, Kamaz, Kaspersky LAB. ასევე, ტატიანა ბაკალჩუკი, ოლეგ დერიპასკა, მიხაილ ფრიდმანი, მიხაილ გუჩერევი, მოშე კანტორი.

"ჩვენ გამოვიყენებთ რამდენიმე სახის სანქციებს, უპირველეს ყოვლისა, გავყინავთ ამ კომპანიების ფინანსურ აქტივებსა და ქონებას. აეკრძალებათ ტენდერებში მონაწილეობა. სანქცირებული ოლიგარქები კი, ჩვენს ქვეყანაში ვერ შემოვლენ" - ამბობს პოლონეთის შს მინისტრი და აღნიშნავს, რომ შესაბამისი სამსახურები მუშაობენ რუსეთთან დაკავშირებული კომპანიების გამოვლენაზე.

"ხშირად ეს სუბიექტები იმალებიან სხვა ქვეყნებში რეგისტრირებული კომპანიების მიღმა, მაგრამ რეალური მფლობელები რუსი ოლიგარქები არიან“, - აღნიშნა შსს-ს ხელმძღვანელმა.

ამასთან, პოლონური მედიის ცნობით, გაზპრომი 27 აპრილიდან პოლონეთს გაზის მიწოდებას შეუჩერებს. ქვეყანაში უდიდესი გაზის კომპანიის, PGNiG SA-ს ცნობით, მათ უარი თქვეს გაზპრომისთვის საფასურის რუბლებში გადახდაზე, რაც რუსული კომპანიის მხრიდან გაზის შეწყვეტის მიზეზი გახდა. PHNiG-ის თქმით, გაზის მიწოდების შეჩერება ხელშეკრულების დარღვევაა.

"შესაბამისად, კომპანია მიიღებს შესაბამის ზომებს ბუნებრივი აირის მიწოდების აღსადგენად და იტოვებს უფლებას გამოიყენოს თავისი სახელშეკრულებო უფლებები" - აცხადებს PHNIG.

ამასთან, პოლონეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ანა მოსკვამ თქვა, რომ "ჩვენ მზად ვართ რუსული რესურსებისგან სრული დამოუკიდებლობისთვის".

კომენტარები