კრიმინალი

"ორჯერ ესროლა, იარაღი დავინახე" – თვითმხილველების ცნობით, ავტობუსში მგზავრმა მგზავრი დაჭრა

ტაბულა/ანნა ქართლელიშვილი

თვითმხილველების ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე, N359 ავტობუსში მგზავრმა მგზავრი დაჭრა. მათივე ცნობით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

"ადამიანი, რომელმაც დაჭრა, ავტობუსში ამოვიდა და ჩანთაში თუ ჯიბეში რაღაცას ეძებდა. მოზარდს უხეშად დაეჯახა. ბარათის მისადების უკან რომ 2 სკამია, ამაღლებულ ადგილზე, მანდ იჯდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც უთხრა, რომ ცოტა ყურადღებით ყოფილიყო. ამ კაცმა ბოდიში მოუხადა, უთხრა, რომ ვეღარ დაინახა, მაგრამ ეს ახალგაზრდა აღარ გაჩერდა და ეუბნებოდა, როგორ არ იხედებიო. დაახლოებით, 10-15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა [შელაპარაკება] ეს კაცი გაღიზიანებული იყო, ჩემი ასაკის ადამიანს ასე როგორ მელაპარაკებაო, დაბლა ჩავიდეთ, 4-ჯერ ნასამართლევი ვარ, 65 წლისო. შავები ეცვა, სიმაღლე, დაახლოებით, 1.80-ია, ეკეთა მხედველობის სათვალე და ჰქონდა რუგზაკი, ეცვა ჯინსები და შავი ქურთუკი. 

სროლის ხმა გავიგე, ერთხელ ისროლა, შემდეგ 5 წამში იყო მეორე გასროლა, იარაღი დავინახე, მარცხენა ხელში ეჭირა. მძღოლა გააჩერა და ჩვენ ყველა ჩამოვედით. უკან რომ მოვბრუნდით, დავინახე, ეს კაცი ნელი ნაბიჯებით მოდიოდა და ნუ გეშინიათ, ბავშვებოო, თქვა". - ამბობს თვითმხილველი, ფატიმა აქუბარდია ტაბულასთან საუბარში.  

ტაბულას მომხდარზე ინფორმაცია აქტივისტმა ანნა ქართლელიშვილმა მიაწოდა. 

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა - უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები