რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტეფანჩუკი: პაპუაშვილთან განვიხილეთ აგრესორის წინააღმდეგ სანქციათა დაწესების აუცილებლობა

უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან სანქციების დაწესების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. 

"განვიხილეთ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციათა დაწესების აუცილებლობა, უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაცია და უკრაინის აღდგენაში საქართველოს შესაძლო დახმარება". - წერს რუსლან სტეფანჩუკი. 

მანამდე, საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თანაუგრძნობს უკრაინელ ხალხს, უსაფრთხოებიდან გამომდინარე სანქციების დაწესებას არ გეგმავს.

რადის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერების შესაძლებლობად აღიქვამს. მისი თქმით, სწორედ ამას მოითხოვს უკრაინელი და ქართველი ხალხი პოლიტიკოსებისგან. 

"მადლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ამ ვიზიტისთვის, რაც გამოხატავს სოლიდარობასა და მხარდაჭერას". - აღნიშნა სტეფანჩუკმა. 

საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში 15 აპრილს გაემგზავრა შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით. ქართული ოცნებიდან დელეგაციის წევრები არიან ვიცესპიკერი დავით სერგეენკო და უკრაინასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე. საპარლამენტო ოპოზიციიდან კი, დელეგაციაში ხუთი დეპუტატი შედის - ვიცესპიკერი, პარტია მოქალაქეების წევრი ლევან იოსელიანი, გახარია-საქართველოსთვის დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ფრაქცია რეფორმების ჯგუფის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, გირჩის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი და ლელოს წევრი ანა ნაცვლიშვილი. დელეგაციაში არ იქნებიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ევროპელი სოციალისტების დეპუტატები.

მანამდე, პაპუაშვილმა და სტეფანჩუკმა 13 აპრილს ისაუბრეს, შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დაწერა, რომ კოლეგასთან საუბრისა და სამთავრობო მედია იმედზე მისი ინტერვიუს მოსმენის შემდეგ დარწმუნდა, რომ "ყველა უხერხულობისა და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა არსებობს" და, მისივე სიტყვებით, ამისთვის მნიშვნელოვან როლს უკრაინაში ვიზიტი შეასრულებს. 

კომენტარები