საფრანგეთის არჩევნები

ლე პენი NATO-სა და რუსეთს ურთიერთობების გაძლიერებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, მარინ ლე პენი ამბობს, რომ ის NATO-სა და რუსეთს შორის ურთიერთობას დაახლოვებს იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში გაიმარჯვებს. 

პრესკონფერენციაზე ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა მხარეებს უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ "სტრატეგიული დაახლოებისკენ" მოუწოდა.

ლე პენმა ასევე აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, საფრანგეთი NATO-ს სამხედრო სამეთაურო სტრუქტურას დატოვებს. თუმცა, ქვეყანა გააგრძელებს სამხედრო ალიანსის მე-5 მუხლის დაცვას.

რუსეთი NATO-ს გაფართოების ნებისმიერი მცდელობის - მათ შორის, მისი მეზობელი უკრაინის სამხედრო ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მარინ ლე პენს რუსეთთან დაახლოებაში ადანაშაულებენ. მიუხედავად იმისა, რომ მან საჯაროდ დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა, დასავლელი კრიტიკოსები 2017 წელს ლე პენის მოსკოვში ვიზიტს იხსენებენ. ასევე, ლე პენის პოლიტიკური პარტია აქტიურად იყენებდა რუსულ სესხებს.

10 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. მოქმედმა პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხმების 27.84% დააგროვა, ლე პენმა კი - 23.15%, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ერთმანეთს 24 აპრილს, მეორე ტურში დაუპირისპირდებიან.

კომენტარები