რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პარლამენტი: პაპუაშვილი სტეფანჩუკს ონლაინ შეხვდა, უახლოეს დღეებში ვიზიტზე შეთანხმდნენ

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან ონლაინ შეხვედრა გამართა. 

მათივე ინფორმაციით, შეხედრაზე პაპუაშვილის უკრაინიში ვიზიტი განიხილეს. 

"შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული აგრესია და მისი ტრაგიკული შედეგები. რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის, აგრეთვე, საქართველოში მყოფი უკრაინელებისადმი გამოჩენილი მზრუნველობისა და ყურადღებისთვის. შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინისადმი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა და უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობა.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მომავალში სხვადასხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ერთმანეთთან წინასწარი კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა. შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის და  გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.

მხარეები შეთანხმდნენ უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტზე უკრაინაში".- აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

8 აპრილს უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ ბუჩის დანაშაულების შესაფასებლად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოწვევა გაუგზავნეს. საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტში თქვეს, რომ მიწვევა არ მიუღიათ, შემდეგ კი ქართული ოცნების წარმომადგენლები მედიასთან საუბრობდნენ, რომ პაპუაშვილი ავად იყო.  

მოგვიანებით მოწვევას გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარემ Facebook-ზე დაწერა, რომ წერილი ნამდვილად მიიღო, თუმცა, მისივე შეფასებით, უკრაინის მიერ მისი ბუჩაში ოფიციალური მიწვევა განმარტებებების გარეშე "არასათანადოდ" ჩანს. 

"ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული – გზად და ხიდად" – ასე უპასუხა რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ბუჩაში მიწვევის "არასათანადოდ" მოხსენიებას. 

"არის თუ არა სათანადო, რომ "არასათანადო" უწოდო მიწვევას, ჩამოხვიდე მეგობარ ქვეყანაში და ნახო მისი გაჭირვება, გაიზიარო მისი მწუხარება, გამოხატო მხარდაჭერა სიტყვებით? მეჩვენება, რომ მეგობარმა ეს მოწვევის გარეშე უნდა უნდა გააკეთოს". - დაწერა სტეფანჩუკმა.  

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.   

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები