რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ჯონ კირბის თქმით, გამოცდილების გათვალისწინებით, ახალი გენერალი რუსულ სისასტიკეს განაგრძობს

პენტაგონის სპიკერი, ჯონ კირბი

პენტაგონის სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, თუ პუტინის მიერ არჩეული ახალი გენერლის გამოცდილებას გავითვალისწინებთ, იგი რუსეთის სისასტიკეს გააგრძელებს. 

"ვფიქრობთ, სამწუხაროდ, მოსალოდნელია, რომ იგივე სასტიკი ტაქტიკა, სამოქალაქო პირებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის უგულებელყოფა გაგრძელდება - ახლა ისინი გეოგრაფიულად უფრო შეზღუდულ ნაწილში, დონბასშია ფოკუსირებული. [...] მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით ახალი გენერალი იქნება უფრო სისხლიანი ტაქტიკის ავტორი, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებას, რუსეთის სისასტიკის წიგნის ახალ ფურცელს ვშლით". - აღნიშნა პრესპიკერმა. 

კირბმა აღნიშნა, რომ რუსეთი არც უკრაინამდე და არც ახლა არ ცდილობს სამოქალაქო პირებისთვის ზიანის მიყენების თავიდან არიდებას. 

"მან და სხვა ლიდერებმა წარსულში აშკარად აჩვენეს, რომ არ ცდილობენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების თავიდან არიდებას, თქვენ მიერ ნახსენები სირია ამის ერთ-ერთი მაგალითია. ისინი უგულებელყოფენ ომის, შეიარაღებული კონფლიქტების კანონებს და სისასტიკით აწარმოებენ სამხედრო ოპერაციებს. არსებობს რუსეთის სასტიკი ისტორია უკრაინამდე და უკანასკნელი 46 დღეც ვხედავთ, რა სისასტიკე შეუძლიათ რუსებს". - თქვა ჯონ კირბიმ. 

9 აპრილს ცნობილი გახდა, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ხელმძღვანელობა შეცვალა და ამიერიდან რუსეთის სამხედრო ოპერაციებს გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი უხელმძღვანელებს. იგი, მანამდე, ოპერაციებს სირიაში ხელმძღვანელობდა

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები