რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: გაეროს უშიშროების საბჭოს არსებობის მიუხედავად, არ არის უსაფრთხოება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართვისას მოითხოვა, რომ პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთს ჩადენილი დანაშაულებისთვის და, ასევე, უზრუნველყოფილი იქნას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები.

"სად არის ის უსაფრთხოება, რომლის გარანტიც უსაფრთხოების საბჭო უნდა იყოს? არ არის უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უშიშროების საბჭო. სად არის მშვიდობა? სად არის ის გარანტიები, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს?". - თქვა ზელენსკიმ მიმართვისას.

ზელენსკიმ მიმართვისას, ამასთანავე, აღნიშნა, რომ რუსეთი "საკუთარი ქმედებების გასამართლებლად ყველას დაადანაშაულებს". 

"იტყვიან, რომ სხვადასხვა ვერსია არსებობს, იმდენად ბევრი განსხვავებული ვერსია, რომ მათგან რომელია მართალი - ამის დადგენა შეუძლებელია. იმასაც კი იტყვიან, ცხედრები უკვე იქ იყო, ვიდეო დადგმულია. მაგრამ ახლა 2022 წელია". - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ირგვლივ 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ომის დაწყების შემდეგ უკრაინა კიევის რეგიონს სრულად პირველად აკონტროლებს

კიევის ოლქში ირპენზებუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა კონტროლი ეტაპობრივად დაიბრუნეს. ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. ბუჩიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რუსმა ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეები ქუჩებში დახოცეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების ქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კი საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

კომენტარები