რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პენტაგონი: კიევთან რუსეთის ჯარის მოძრაობა ჰგავს პოზიციების ცვლას და არა გაყვანას

პენტაგონის სპიკერი, ჯონ კირბი

პენტაგონის სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, აშშ-ს თავდაცვაში მიაჩნიათ, რომ რუსეთის ძალების კიევთან მოძრაობა არა მათი გაყვანა, არამედ პოზიციების ცვლაა.

როგორც კირბიმ აღნიშნა, რუსეთის ძალების მცირე ნაწილი კიევის ოლქიდან გავიდა, თუმცა რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია ქვეყანას "მასიური სისასტიკე" მიაყენოს. 

"მიგვაჩნია, რომ ეს არის პოზიციების ცვლა და არა რეალური გაყვანა და ყველა ჩვენგანი მზად უნდა იყოს უკრაინის სხვა ტერიტორიებზე მნიშვნელოვანი თავდასხმებისთვის თვალ-ყურის დევნებისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ კიევისთვის საფრთხე აღარ არსებობს". – თქვა ჯონ კირბიმ. 

კირბის თქმით, კრემლის ბოლო მტკიცებით, რომ კიევის მიმართულებიდან ჯარი გაჰყავთ, თავი არ უნდა გაისულელონ.

"არავინ უნდა გაისულელოს თავი კრემლის ახალი მტკიცებით, რომ უეცრად კიევთან იერიშებს შეწყვეტს, ან თავის მთელ ძალებს რომ გაიყვანს". – აღნიშნა კირბიმ. 

ჯონ კირბიმ ასევე დაამატა, რომ უკრაინის დედაქალაქის შემოგარენიდან გასული რუსი სამხედროები აქ შეკრებილი ძალების ნახევარსაც არ წარმოადგენენ და რუსეთმა საჰაერო იერიშები გააგრძელა. 

პენტაგონის სპიკერმა დაამატა, რომ რუსები ჩრდილოეთით გაადგილდებიან, თუმცა "ნაადრევია იმის თქმა" თუ რაა მათი რეალური დანიშნულების ადგილი. 

"ჩვენი შეფასებით, ეს არის პოზიციების ცვლილება, რომელსაც უკრაინაში სხვაგან გამოიყენებენ. ზუსტად სად, არ ვიცით". – აღნიშნა კირბიმ.

ამას გარდა, გასულ დღეს, 29 მარტს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ კიევის გარშემო მოქმედებების შემცირება, შეიძლება, ყურადღების გადატანის გზა იყოს.

სტამბოლში გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებით საომარი მოქმედებების შემცირება გადაწყვიტა, რათა, მათი მტკიცებით, ხელი შეუწყონ უკრაინასთან შეთანხმებაზე საუბარს.

კომენტარები