რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"უკანასკნელ ჯარისკაცამდე ვიბრძოლებთ" – მარიუპოლის მერის მრჩეველი

დაზიანებული ეკლესია მარიუპოლის დაბომბვის შედეგად
Evgeniy Maloletka/AP Photo

მარიუპოლის მერის მრჩევლის პეტრო ანდრიუშენკოს თქმით, მოსკოვის ჰუმანიტარული დაპირებების ნდობა არ შეიძლება და ქალაქი თავდაცვაზე უარის თქმას არ აპირებს.

"ჩვენ უკანასკნელ ჯარისკაცამდე ვიბრძოლებთ" - თქვა ანდრიუშენკომ BBC-სთან საუბრისას.

ანდრიუშენკომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ რუსული ძალებს ძალით გაჰყავთ ქალაქის მცხოვრებლები რუსეთში. ინფორმაციას მანამდე მარიუპოლის სხვა წარმომადგენლები ავრცელებდნენ.

"როცა რუსული მხარე ჰუმანიტარულ კორიდორებზე საუბრობენ, სინამდვილეში რას აკეთებენ? მათ იძულებით გადაჰყავთ ჩვენი ხალხი რუსეთში" - თქვა მერის მრჩეველმა.

რუსულმა მხარემ მარიუპოლს დანებებისთვის დრო მოსკოვის დროით 21 მარტის დილის 5 საათამდე მისცა, რაზეც ქალაქი უარს ამბობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ქალაქისთვის უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო ჰუმანიტარული დერეფნები, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, ასევე იმ მებრძოლებისთვის, ვინც დანებებას გადაწყვეტს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი მარიუპოლში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულა. ქალაქი რუსულ ძალების ალყაშია და შეტაკებები უკვე მარიუპოლის ცენტრში მიმდინარეობს. ქალაქში შენობების დაახლოებით 90% ან განადგურებულია ან დაზიანებული. მარიუპოლში დაახლოებით 300 000 ადამიანია დარჩენილი, ქალაქში საკვებით, წყლით და ელექტროენერგიით მომარაგების სერიოზული პრობლემებია. ბოლო ორი კვირაა მარიუპოლი აქტიურად იბომბება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები