ქართული ოცნება

არა, ოცნებას ოპოზიციის გარეშე იმპიჩმენტისთვის ხმები არ ეყოფა

ქართული ოცნება

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი, ანუ არანაკლებ 100 დეპუტატი. 

"საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. მთავრობის წევრი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, გენერალური პროკურორი, გენერალური აუდიტორი ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა". - ვკითხულობთ საქართველოს კონსტიტუციაში.

ამჟამად, ქართულ ოცნებას პარლამენტში 83 დეპუტატი ჰყავს. 

ქართული ოცნება აპირებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავა დაიწყოს. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო. ოცნების განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებები და საფუძველს მოკლებული განცხადებები განსაკუთრებული საფრთხის შემცველია იმ დროს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, მსოფლიო და საქართველო უსაფრთხოების განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას.

14 მარტს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ მთავრობამ ევროპის ქვეყნებში სამუშაო ვიზიტებზე წერილობითი უარი უთხრა და მათ დასაგეგმად პირადი კონტაქტები გამოიყენა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, თუ ზურაბიშვილმა ვიზიტებზე სიმართლე თქვა, კონსტიტუცია დაარღვია და, მისივე სიტყვებით, პარტია საკითხში "გაერკვეოდა". 

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისა და ქართული ოცნების წევრების მიერ მისი გაკრიტიკების შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ არ ჰგონია, საქმე მის იმპიჩმენტამდე მივიდეს.

კომენტარები