სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო არჩევნებში კონსერვატორმა იუნ სოკ იოლმა გაიმარჯვა

სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო არჩევნებში კონსერვატიული ხალხის ძალის პარტიის (PPP) კანდიდატმა, იუნ სოკ იოლმა გაიმარჯვა. იუნ სოკ იოლმა ხმების 48,6% მიიღო და მის მეტოქეს, მმართველი, დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, ი ჯე მიონს 0.7%-ით აჯობა. 

იუნ სოკ იოლი კორეის ისტორიის მანძილზე პირველი პრეზიდენტია, რომელიც არასდროს ყოფილა ეროვნული ასამბლეის წევრი. 2019-2021 წლებში იუნი იკავებდა გენერალური პროკურორის თანამდებობას, რა დროსაც ის კორუფციასთან ბრძოლით იყო ცნობილი. მან მთავარი როლი შეასრულა პატიმრობაში მყოფი კორეის ყოფილი პრეზიდენტის, პაკ გიონ ჰეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საქმის გამოძიებაში.

მოქმედი პრეზიდენტის, მუნ ჯე ინისგან განსხვავებით, იუნი მხარს უჭერს ჩრდილოეთ კორეის მიმართ მკაცრ, შეკავების პოლიტიკას, ხოლო იაპონიასთან, აშშ-სთან და ავსტრალიასთან უფრო მჭიდრო პოლიტიკურ და სამხედრო თანამშრომლობას. მის დაპირებათა შორის არის სამხრეთ კორეის ოთხმრივი უსაფრთხოების დიალოგში (Quad) აშშ-სთან, იაპონიასთან, ავსტრალიასა და ინდოეთთან გაწევრიანება და ასევე კორეაში ამერიკული ტერმინალური მაღალი სიმაღლის ზონის დაცვითი სისტემის (THAAD) განთავსება. 

კომენტარები