საქართველოს მთავრობა

პრემიერი: გამოწვევები დიდია რეგიონში, ისე უნდა გადავეწყოთ, რომ ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ

"გამოწვევები, რა თქმა უნდა, დიდია რეგიონში, მაგრამ ისე უნდა გადავეწყოთ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ" - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, "გამოწვევების და პროვოკაციების" მიუხედავად, "ჩვენ შევინარჩუნებთ ქვეყანას და მშვიდობას". გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს უკრაინაში ომის მალე დასასრულებლად.

"იანვარი ჩვენ ძალიან აქტიურად, ძალიან ძლიერად დავიწყეთ, ეკონომიკური ზრდა გვაქვს 18%-იანი, რაც უპრეცედენტოა მთელ რეგიონში და ევროპაშიც, შეიძლება ითქვას. ექსპორტია 47%-ით გაზრდილი, ტურიზმი, ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა, ამიტომ, ეს ტემპი ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ შენელდეს, პირიქით, უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად უნდა გავზარდოთ.

აქტიურად უნდა დავიწყოთ ის პროექტები და პროგრამები, რომელიც დავაანონსეთ, ეს არის დასაქმების პროგრამა, ეს არის ეკონომიკის წამახალისებელი პროექტები და, რა თქმა უნდა, ყველანი ვართ მოწოდებული, რომ ეს ტემპი შევინარჩუნით.

გამოწვევები, რა თქმა უნდა, დიდია რეგიონში, მაგრამ ისე უნდა გადავეწყოთ, რომ ეკონომიკური მაღალი ზრდა შევინარჩუნოთ. ამიტომ, საჭირო ბიზნესთან მეტი კომუნიკაცია, ვიცეპრემიერი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აქტიურად ხვდებიან, ესაუბრებიან ბიზნესს, მეც აქტიურად ჩავერთვები ამ კვირაში და ჩვენ უნდა შევინარჩუნით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი ამ წელს.

მიუხედავად ამ გამოწვევებისა და ამ პროვოკაციებისა, ქვეყანას ჩვენ შევინარჩუნებთ და შევინარჩუნებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება, საფრთხე არ გვემუქრება, ასე მშვიდად და მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება" - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 

უკრაინაში შეჭრის გამო, დასავლეთის მხრიდან რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს საქართველოს ხელისუფლება არ უერთდება. მეტიც, 6 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი აპირებს, ქვეყანაში 15 ქართული მწარმოებლის რძის პროდუქტის ექსპორტი დაუშვას. გადაწყვეტილება 5 მარტის მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს, რომელშიც როსსელხორნადზორის ხელმძღვანელთან ერთად, საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსიც მონაწილეობდა. თავად სურსათის ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ექსპორტის ზრდის მიმართულებით მოლაპარაკებები რუსეთთან 2020 წლიდან მიმდინარეობდა.

კომენტარები