რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლუკაშენკომ ზელენსკის უთხრა, რომ ბელარუსიდან უკრაინაში აღარ ისვრიან

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ ბელარუსიდან უკრაინაში აღარ ისვრიან.

"მქონდა სატელეფონო საუბარი ალექსანდრ ლუკაშენკოსთან. ჩვენ ორი წელია, არ გვისაუბრია. დღეს მე მას დიდხანს ვესაუბრე, ძალიან საგნობრივად. მე მას დეტალურად განვუმარტე ჩვენი შეჯახების შეუძლებლობა. მე არ მინდა, რომ რაკეტები, თვითმფრინავები და ვერტმფრენები მოფრინავდნენ უკრაინაში ბელარუსიდან. მე არ მინდა, რომ მიდიოდეს ომი ბელარუსსა და უკრაინას შორის. მე მან ამაში დამარწმუნა". - წერს ზელენსკი. 

მანამდე, ზელენსკიმ ბელარუს ხალხს მოუწოდა არჩევანი გაეკეთებინათ და ჰკითხა, სურდათ თუ არა აგრესორის მხარეს ყოფნა, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ესვრის.

ალექსანდრ ლუკაშენკო ომის დაწყებამდე ჰპირდებოდა რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დახმარებას. უკრაინაში შეჭრამდე რუსული სამხედრო ნაწილები ბელარუსში წვრთნების საბაბით განლაგდნენ. 24 თებერვალს ომის დაწყებისას რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსის ტერიტორიიდანაც შეიჭრნენ.

ლუკაშენკოს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ესაუბრა და მოუწოდა უარი ეთქვა რუსეთის ვასლობაზე. მაკრონმა ასე ბელარუსის ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ნაწილების დაუყოვნებლივ გაყვანა მოითხოვა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები