რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NATO-ს წარმომადგენელი: რუსებს აკლიათ საწვავი, წინ ნელა მიიწევენ, მორალი ეცემა

რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონა ანექსირებულ ყირიმში. 18 იანვარი, 2022 წ.
AP

NATO-ს ერთერთი სამხედრო თანამდებობის პირი CNN-თან ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის პროცესი რუსეთმა მოლაპარაკებებისთვის დროის მოსაგებად შეანელა. 

"მათ პრობლემები აქვთ" – უთხრა CNN-ს NATO-ს წარმომადგენელმა, დაზვერვის უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით.

მისივე თქმით, "მათ არ აქვთ საკმარისი დიზელი, ისინი ძალიან ნელა მიიწევენ წინ და მორალის საკითხიც პრობლემურია". 

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ რუსებმა მეტი ინტენსივობით განაგრძონ თავდასხმა, NATO-ს წარმომადგენელმა CNN-ს უპასუხა, რომ "მათ ეს უნდა გააკეთონ, რადგან განრიგს მნიშვნელოვნად ჩამორჩნენ. მათ ყველაფერი ხელიდან ეცლებათ, ყოველი დღე მათთვის უკიდურესად მტკივნეულია". 

27 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რუს სამხედროებს მითითება მისცა, განეგრძოთ შეტევა "ყველა მიმართულებით", მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხი ჩავარდა. სამინისტროს თქმით, თავდასხმა მოლაპარაკებებზე უკრაინის ხელისუფლების უარის შემდეგ განახლდა. 

პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველმა უარყო რუსეთის თავდაცვის ბრალდება და განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დაწყებაზე უარი უკრაინას არ უთქვამს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები