რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Bloomberg: აშშ რუსეთის ცენტრალურ ბანკზე სანქციების დაწესებას განიხილავს

უკრაინასთან ომის დაწყების გამო, აშშ რუსეთის ცენტრალურ ბანკზე სანქციების დაწესებას განიხილავს, ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg-ი ავრცელებს

რუსეთის ცენტრალური ბანკი რეზერვში 643 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებს ფლობს და საფინანსო სექტორში ის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ადგენს და უშუალო გავლენას ახდენს ეროვნულ ვალუტასა და ინფლაციის დონეზე.  

"ცენტრალურ ბანკზე სანქციების დაწესებას, სავარაუდოდ, ისეთივე დრამატული ეფექტი ექნება რუსეთის ეკონომიკასა და საბანკო სისტემაზე, როგორც ჩვენ ეს 1991 წელს ვნახეთ". - ამბობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მთავარი ეკონომისტის მოადგილე, ელინა რიბაკოვა. 

აღსანიშნავია, რომ აშშ-მ და მოკავშირეებმა უკვე დაუწესეს რუსეთის უმსხვილეს ბანკებს გარკვეული სანქციები, მათ შორის, გაიყინა რამდენიმე რუსული ბანკის უცხოური ანგარიშები და რეზერვები.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები