ნიკა კვარაცხელიას საქმე

"მიმალვაში დაეხმარა" – ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა. 1996 წელს დაბადებულ ი.ბ-ს ბრალად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ედება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ი.ბ. თბილისში მომხდარ ნ.კ.-ს მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულ გ.კ.-სთან მეგობრობდა, შესაბამისად, მან იცოდა თავისი მეგობრის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის შესახებ. ასევე, დადგინდა, რომ ი.ბ.-მ საკუთარ სახლში ღამე გაათევინა გ.კ.-ს და ამავე საქმეზე მეორე ბრალდებულ ა.ჭ.-ს, ხოლო მეორე დღეს მათ მიმალვაში დაეხმარა. ი.ბ.-მ პოლიციას ამის შესახებ არ შეატყობინა" - აცხადებს შსს.

გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით. მუხლი ს 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

23 წლის ნიკა კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში მოკლეს. შსს-ს ცნობით, 2000 წელს დაბადებულმა ა.ჭ.-მ კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილიდან 1999 წელს დაბადებულ გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.

მკვლელობაში ბრალდებულები 7 ოქტომბერს, წყნეთში დააკავეს.

კომენტარები