უკრაინა

უკრაინის რადამ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის უფლების შესახებ.

კანონპროექტს მხარი 352 დეპუტატიდან 274-მა დაუჭირა. 

კანონპროექტით შემოთავაზებული იყო სამოქალაქო ცეცხლსასროლ იარაღზე საკუთრების უფლების ცნების განსაზღვრა, მოქალაქეებისა და იურიდიული პირების მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის შესახებ დოკუმენტების მოპოვების პირობებისა და პროცედურის განსაზღვრას. ასევე, შემოთავაზებულია სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შექმნა.

უკრაინაში შემოვა ცეცხლსასროლი იარაღის მფლობელობის მოწმობა, რომლითაც ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ექნება შესაბამისი იარაღის შეძენის, მფლობელობის, გამოყენებისა და განკარგვის უფლება. მას შემდეგ, რაც ფიზიკური პირი მიიღებს შესაბამისი იარაღის კატეგორიის მფლობელობის მოწმობას, მას შეეძლება შეიძინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი, მისი ნაწილები, საბრძოლო მასალა და გასროლის ხმის დასახშობი მოწყობილობები. 

იარაღის მფლობელობის მოწმობის აღება შეეძლებათ უკრაინის ქმედითუნარიან მოქალაქეებს, ასევე იმ უცხოელებსა და უკრაინის მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ უკრაინის ტერიტორიაზე. იარაღის მფლობელობის უფლებაზე შეზღუდვა გარკვეული გამონაკლისების სახით არსებობს, სამედიცინო და ნასამართლეობის ფაქტორების გათვალისწინებით. 

კომენტარები