დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

რუსეთს სანქციებს იაპონია და კანადაც უწესებს

ჯასტინ ტრუდო/ფუმიო კიშიდა

რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების პასუხად, რუსეთს სანქციებს იაპონია და კანადაც უწესებს. 

იაპონიის პრემიერმინისტრის, ფუმიო კიშიდას შეფასებით, მოსკოვის გადაწყვეტილება არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და მთლიანობას, რის გამოც იაპონია რუსეთს სანქციებს უწესებს. იაპონიის სანქციები მოიცავს იაპონიაში რუსული ობლიგაციების გამოშვების აკრძალვას, რამდენიმე რუსი პირის აქტივების გაყინვას, ამასთანავე, იაპონიაში მოგზაურობის შეზღუდვას.

"რუსეთის მოქმედებები აზიანებს უკრაინის სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის მოქმედებებს და მოვუწოდებთ რუსეთს დაუბრუნდეს დიპლომატიურ მოლაპარაკებებს". - აღნიშნა ფუმიო კიშიდამ. 

იაპონიის რუსეთთან ურთიერთობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მისი დამოკიდებულება რუსეთის ენერგორესურსზე. იაპონიამ 2021 წელს ქვანახშირის 12% და მოხმარებული თხევადი გაზის  ერთი მეათედი რუსეთისგან მიიღო. კაშიდის განმარტებით, იაპონიას აქვს ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის საკმარისი მარაგი, შესაბამისად, მოკლევადიან პერიოდში სანქციებს ენერგომომარაგებაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება. 

კანადელმა პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ რუსეთს სანქციები დაუწესა. კანადელებს აღარ შეეძლებათ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან ფინანსური ურთიერთობა. კანადელებს ასევე ეკრძალებათ რუსული სუვერენული ვალის შესყიდვა. 

პრემიერმინისტრის თქმით, კანადა გეგმავს იმ პარლამენტარების სანქცირებას, რომლებმაც ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირეს. ამასთანავე, კანადა გეგმავს ორი სამთავრობო ბანკის სანქცირებას. 

ტრუდოს თქმით, კანადა რეგიონში დამატებით სამხედროებს გაგზავნის. 

"Reassurance-ის ოპერაციის ფარგლებში, კანადა რეგიონში დამატებით 460 სამხედროს გაგზავნის. ეს გულისხმობს მეტი ჯარისკაცის გაგზავნას ლატვიაში, ასევე დამატებითი ფრეგატისა და საზღვაო საპატრულო თვითმფრინავის განთავსებას". - თქვა ტრუდომ. 

ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. ამერიკამ სანქციები დაუწესა ორ ყველაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუციას – VEB-ს და სამხედრო ბანკს. ხუთ რუსულ ბანკს და სამ მილიარდერს სანქციები უკვე დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც. გერმანია კი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს.

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. ხუთ რუსულ ბანკს და სამ მილიარდერს სანქციები უკვე დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც. გერმანია კი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები