სექსუალური ძალადობა

PHR: კაცი მწვრთნელის მხრიდან ქალი სპორტსმენების სექსუალურ შევიწროებაზე საქმე მოვიგეთ

ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) კაცი მწვრთნელის მხრიდან ქალი ფეხბურთელების, მათ შორის ორი არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური შევიწროებისა და დამამცირებელი მოპყრობის საქმე სასამართლოში მოიგო. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"PHR-მა მოიგო საქართველოში პირველი საქმე სპორტში ქალების, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონების მიმართ სექსუალურ შევიწროებაზე. შევიწროებას ახორციელებდა კაცი მწვრთნელი. ასევე, მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა მორალური ზიანის მოთხოვნაც.

ეს გადაწყვეტილება დასაწყისია საქართველოში ათლეტი ქალებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად". წერია ორგანიზაციის ფეისბუქის გვერდზე. 

PHR-მა ერთ-ერთი ქალთა საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელების სამართლებრივი დახმარება 2020 წელს დაიწყო. ორგანიზაციის ინფორმაციით, კაცი მწვრთნელი ექვსი სპორტსმენი გოგონას, მათ შორის ორი არასრულწლოვანის მიმართ ახორციელებდა სექსუალურ შევიწროებასა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას.

მწვრთნელის მხრიდან შევიწროება გამოიხატებოდა სექსუალური შინაარსის მიმართვებში, დაცინვასა და კრიტიკაში. ასევე, სექსუალური შინაარსის ფიზიკური სავარჯიშო დავალებების მოთხოვნაში, ქალების გასახდელში უნებართვოდ შესვლაში,  ქალი ფეხბურთელების ეთნიკურ წარმოშობაზე ნეგატიურ მინიშნებასა და სხვა ქმედებებში, რომელიც ამცირებდა, ღირსებას ულახავდა ქალ სპორტსმენებს და სამუშაო ადგილზე მტრულ გარემოს უქმნიდა. ქალი ფეხბურთელები იძულებულები გახდნენ, კლუბთან ვადაზე ადრე გაეწყვიტათ ხელშეკრულება და შემოსავლის გარეშე დარჩენილიყვნენ.

კომენტარები