კრიმინალი

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც კახეთში ცოლ-ქმარი მოკლა და მათი შვილი თოკით დააბა (ვიდეო)

ტაბულა

სამართალდამცველებმა კახეთში ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. 1987 წელს დაბადებულ გ.გ-ს ბრალად განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობა და არასრულწლოვანის თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ მამაკაცს მიმდინარე წლის 10 თებერვალს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ფერმაში, ურთიერთშელაპარაკება მოუხდა ამავე ფერმაში დასაქმებულ ცოლ-ქმართან - გ.ჯ.-სა და მ.ზ.-სთან. გ.გ. მათ ფულს სთხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი ორივე სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.

ბრალდებულმა მოკლულების არასრულწლოვან შვილს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, თოკით დააბა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა" - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით გრძელდება. დაკავებულს 6-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები