კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: პრემიერის განცხადება შეეხებოდა მწვანე საშვების გაუქმების შესახებ განმარტებას

"განცხადება შეეხებოდა მწვანე საშვების გაუქმების შესახებ განმარტებას". - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია პრემიერმინისტრის განცხადებაზე, რომელიც ომიკრონთან მიმართებით "ვაქცინაციის არაეფექტიანობას" ეხებოდა. 

გაბუნია ღარიბაშვილის განცხადების "შესამსუბუქებლად" იმასაც ამბობს, რომ ვაქცინა ომიკრონის შტამისგან უფრო ნაკლებად იცავს და "ამის მტკიცებულებები არსებობს".

"საქმე შეეხება იმას, რომ გადატანილის სტატუსი და ასევე ვაქცინაცია, ცხადია, აღარ არის ომიკრონის პირობებში გარანტია, რომ პირი არ დაინფიცირდეს. ამდენად, მწვანე საშვის მოქმედების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო უკვე რამდენიმე კვირის წინ. რაც შეეხება ვაქცინის ეფექტურობას, ვაქცინა ინფექციის გადაცემისგან ომიკრონის პირობებში შედარებით ნაკლებად იცავს და ამის შესახებ მტკიცებულებები არსებობს, თუმცა იცავს ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალებისგან".- ამბობს თამარ გაბუნია. 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური მონაცემების საპირისპიროდ ამტკიცებს, რომ ახალი კორონავირუსის შტამის, ომიკრონის შემთხვევაში "ვაქცინა უმეტესად არ მუშაობს". ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა და მაგალითად საკუთარი თავი მოიყვანა, რადგან აცრის მიუხედავად, მაინც დაინფიცირდა. 

პრემიერმინისტრს არ დაუკონკრეტებია, რას ეყრდნობოდა ამ განცხადებისას, როდესაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (NCDC) კონკრეტულად ომიკრონისა და ვაქცინაციის ურთიერთმიმართების შესახებ ოფიციალური სტატისტიკა ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია, ზოგადად Covid-19-ის შესახებ გამოქვეყნებული სტატისტიკა კი, რომელიც 2021 წლის მარტი-დეკემბრის პერიოდს მოიცავს, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეწინააღმდეგება. 

"თავდაპირველად [მწვანე პასპორტების შემოღებისას] ჩვენი მიზანი იყო ვაქცინაციის წახალისება და დელტას და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ ომიკრონის შემთხვევაში, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება ომიკრონი. მაგალითად, მე ვარ ერთი მაგალითი – მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი ფაიზერის ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა ომიკრონი". – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. 

NCDC-ის ანგარიშის თანახმად, 2021 წლის 15 მარტიდან (ვაქცინაციის დაწყებიდან) 31 დეკემბრამდე მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ არავაქცინირებული პირების ინფიცირების შანსი 7.7-ჯერ მეტია სრულად აცრილ პირებთან შედარებით.

NCDC-ის ცნობით, კორონავირუსით ორი დოზით აცრილი მოქალაქეების 6.49% დაინფიცირდა, ხოლო სამი დოზით აცრილთა - მხოლოდ 0.19%. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ომიკრონის ტალღის შესამცირებლად მოსახლეობის 70% უნდა აიცრას. 

კომენტარები