კანადა

მე-5 დღეა, კოვიდშეზღუდვების მოწინააღმდეგეებს აშშ-კანადის დამაკავშირებელი ხიდი ჩაკეტილი აქვთ

Reuters

მეხუთე დღეა, კოვიდშეზღუდვების მოწინააღმდეგეებს კანადის და აშშ-ს დამაკავშირებელი, ამბასადორის ხიდი გადაკეტილი აქვთ. ხიდის გადაკეტვამ ქვეყნებს შორის მიმოსვლა და ვაჭრობა შეაფერხა.

11 თებერვალს ქალაქ უინძორის სასამართლომ ხიდის გახსნის განკარგულება გასცა, რის შემდეგაც დემონსტრანტების ნაწილი დათანხმდა პოლიციის მოთხოვნას, ხიდი დაეტოვებინათ. დემონსტრანტების რაოდენობა შემცირებულია და მათ კარვების ნაწილით აიღეს, თუმცა აქცია გრძელდება.

კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს თქმით, კანადისა და აშშ-ს დამაკავშირებელი ხიდის ბლოკირება ვერ გაგრძელდება და მისი გახსნისთვის სხვადასხვა ზომები განიხილება.

კანადის პოლიციის თანახმად, კოვიდშეზღუდვების საწინააღმდეგო აქციებს ნაწილობრივ ამერიკელი მხარდამჭერები აფინანსებენ და კანადამ გაყინა ანგარიში, რომელზეც თანხები ამერიკული პლატფორმა GiveSendGo-დან გროვდებოდა.

კოვიდშეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია "თავისუფლების კონვოი" თავდაპირველად კანადის დედაქალაქში, ოტავაში დაიწყო. დედაქალაქის ცენტრი სატვირთო მანქანებით და კარვებით იყო პარალიზებული. ქალაქის მერმა პროტესტის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გასულ თვეს კანადაში ახალი რეგულაცია შევიდა ძალაში, რომლის ფარგლებშიც აშშ-კანადის საზღვრის გადაკვეთისთვის სატვირთო მანქანის მძღოლებისთვის Covid-19-ზე აცრა სავალდებულო გახდა. რეგულაციას პროტესტი მოჰყვა და მისი გაუქმების თავდაპირველ მოთხოვნას, მთლიანად კოვიდშეზღუდვების გაუქმების მოთხოვნა დაემატა და პროტესტმა ანტისამთავრობო ხასიათი მიიღო.

კომენტარები