კორონავირუსი საქართველოში

საპატრიარქო: შეზღუდვები გამკაცრებულია, თუმცა სრული კარანტინი გაზვიადებული განსაზღვრებაა

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო განცხადებით ეხმაურება ტელეკომპანია მთავარის ეთერში გასულ სიუჟეტს და წერს, რომ პანდემიის გამო საპატრიარქოში შეზღუდვები გამკაცრებულია, თუმცა "სრული კარანტინი" გამოცხადებული არ არის.

ომიკრონის შტამის გავრცელების გამო საპატრიარქოში კარანტინის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია მთავარს პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა დაუდასტურა.

"პანდემიური ვითარების სირთულიდან გამომდინარე, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სიმკაცრის შეზღუდვები მოქმედებდა. დღეისათვის საპატრიარქოში ეს შეზღუდვები გამკაცრებულია, თუმცა შეუფერხებლად და შეუზღუდავად მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, სტუდია გზაგასაყართან ამზადებს გადაცემებს, მუშაობს კანცელარია, სამდივნო, პენიტენციურ სამსახურთან ურთიერთობის განყოფილება. შეზღუდვები მართლაც არის, თუმცა სრული კარანტინი გაზვიადებული განსაზღვრებაა.

საპატრიარქოს ტერიტორიაზე არსებულ მონასტერში სასულიერო პირების დაინფიცირების საკითხთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ რამდენიმე მონაზონს ნამდვილად დაუდასტურდა კორონავირუსი.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მონასტერი იზოლირებულია და შეხება არ აქვს იმ შენობასთან, რომელშიც განთავსებულია პატრიარქის რეზიდენცია.

რაც შეეხება ამჟამად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი პირადი ექიმის, ქალბატონი ცისანა შარტავას თქმით: "იგი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს". დამაკმაყოფილებელია საპატრიარქოს მონასტერში მყოფი მონაზვნების ჯანმრთელობის მდგომარეობაც და რამდენიმე დღეში მათი იზოლაციის პერიოდიც დასრულდება", - წერია განცხადებაში.

კომენტარები