საზოგადოებრივი ტრანსპორტი

კალაძე: დღეის მდგომარეობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის საშუალო ფასი 32 თეთრია

კახა კალაძე
თბილისის მერია

კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა. კალაძის თქმით, გაყიდული აბონემენტებისა და ერთჯერადი გადახდების მიხედვით, მგზავრობის საშუალო ფასი 32 თეთრი გამოდის.

„რაც შეეხება მგზავრობის ტარიფს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდილი მთლიანი საფასურისა და მგზავრობის რაოდენობის შეფარდებით, ერთი მგზავრობის ღირებულება დღეის მდგომარეობით გამოვიდა 32 თეთრი. რასაც ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენი აბონემენტია გაყიდული, რამდენი ადამიანი იხდის ერთჯერადად, საშუალო ტარიფი გამოვიდა სწორედ 32 თეთრი. თვლა და მათემატიკა ყველამ ვიცით, ამიტომ შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ტიპის პაკეტი, თქვენივე საჭიროების მიხედვით". თქვა დედაქალაქის მერმა.

პირველი თებერვლიდან, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთჯერადი (90-წუთიანი) საფასური გაორმაგდა და 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი გახდა. ძალაში რჩება როგორც მეტრომანებით, ისე საბანკო ბარათებით გადახდის შესაძლებლობა, თუმცა, ფასდაკლებისთვის მოქმედებს აბონემენტები - შესაბამისი სამგზავრო ბარათები მეტროსადგურებში იყიდება. ამასთან, ყვითელი სამარშრუტო ტაქსებს მთლიანად ანაცვლებს ლურჯები, რომლებიც ერთიან სატრანსპორტო სისტემაშია. 

  • ულიმიტო 90-წუთიანი ბარათის ღირებულება 1 ლარი იქნება - ის განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად არ მოიხმარენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და შეღავათიან ფასში ხანგრძლივვადიანი ბარათის შეძენა არ სჭირდებათ. მოქალაქეს 90 წუთის განმავლობაში 1 ლარად ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით - მეტროთი, ავტობუსითა და მიკროავტობუსით მგზავრობა შეეძლება. აბონემენტის მფლობელი 90-წუთის განმავლობაში ტრასპორტებს შორის გადაჯდომისას დამატებით თანხას არ გადაიხდის. 
  • ულიმიტო 1-დღიანი ბარათის ღირებულება 3 ლარი იქნება. 1-დღიანი ბარათის მფლობელი მთელი დღის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით 3 ლარად იმგზავრებს.  
  • ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი 20 ლარი ეღირება - მოქალაქეს შეეძლება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით 1 კვირის განმავლობაში 20 ლარად იმგზავროს. კახა კალაძის განმარტებით, ბარათი, ძირითადად, ტურისტებზეა გათვლილი, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიურ მომხმარებლებზე სხვა ტიპის ბარათებია გათვლილი, რომლებიც "ბევრად შეღავათიან ფასში უზრუნველყობს მოქალაქეების ტრანსპორტირებას". 
  • ულიმიტო 1-თვიანი ბარათი 40 ლარი ეღირება - მფლობელს შეეძლება, თვის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით 40 ლარად იმგზავროს. "ეს, ჩვენი გათვლებით, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბარათი იქნება". - ამბობს კალაძე. მისივე სიტყვებით, მათი კვლევებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს დღეში, საშუალოდ, 2 ტიპის ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, მათი თვიური დანახარჯი კი 40-60 ლარია.
  • ულიმიტო 3-თვიანი ბარათი 100 ლარი ეღირება და, კალაძის თქმით "კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს". 
  • 6-თვიანი ულიმიტო ბარათის ფასი, კალაძის თქმით, 150 ლარი იქნება.
  • 1-წლიანი აბონემენტის ღირებულება 250 ლარი იქნება. 

უფასოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა შეეძლებათ თბილისში რეგისტრირებულ უსინათლო პირებს, მათ თანმხლებ და გამცილებელ პირებს, ასევე, მოსწავლეებს, უბნის ინსპექტორებს, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერანებს და სხვებს. 

20 თეთრის გადახდის საშუალებით მგზავრობის უფლებით კვლავ ისარგებლებენ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები, საჯარო ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები, პენსიონერები, პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, უბნის პედიატრები და ოჯახის ექიმები, მანდატურები და სხვა. 

10-თეთრიანი მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები.

კომენტარები