ზუგდიდის მერია

GMC: ზუგდიდის მერიამ ₾3.33 მილიონი გადაიხადა ₾2.67 მილიონის ღირებულების ავტობუსებში

არასამთავროვო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ზუგდიდის მერიამ 2 670 000 მილიონ ლარად შეფასებულ 15 ავტობუსში 3 330 000 მილიონი ლარი გადაიხადა.

მათივე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებზე ტენდერი 2019 წელს გამოცხადდა და მასში უკონკურენტოდ ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა კომპანიამ და იმ დროისთვის ბექა ოდიშარიას ქვისლის - ლევან გოგსაძის მფლობელობაში არსებულმა ჯი თი გრუპმა გაიმარჯვა.

"2019 წელს ზუგდიდის მერიამ გამოაცხადა ტენდერი 15 ერთეული ავტობუსის შესაძენად, სავარაუდო ღირებულებით 3.42 მლნ ლარი. ამ ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა შპს ჯი თი გრუპმა, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა 3.33 მლნ ლარზე. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ზუგდიდის მერიას სავარაუდოდ ხელოვნურად ჰქონდა კონკურენცია შეზღუდული და სატენდერო პირობები მორგებული იყო კონკრეტულად შპს ჯი თი გრუპის მიერ შემოთავაზებულ ISUZU Novociti-ის მოდელის ავტობუსებს", - წერს ორგანიზაცია.

ორგანიზაცია ასევე წერს, რომ ზუგდიდის მერიას ტენდერის გამოცხადებამდე კანონით დაკისრებული ბაზრის კვლევა არ ჩაუტარებია, ეს კი აუდიტთან იმით ახსნეს, რომ ბაზრის კვლევა ჩაატარეს, თუმცა მიმწოდებლებთან კითხვარი ავტობუსების ფასებზე გააგზავნეს ყოფილი თანამშრომლის ელ-ფოსტით, რომლის პაროლიც ვერ აღადგინეს.

"მსგავს ავტობუსს სხვა მუნიციპალიტეტს ერთ-ერთი კომპანია 178,000 ლარად სთავაზობდა, თუმცა ზუგდიდის მერიამ თითოეულში 220,000 ლარი გადაიხადა", - წერს ფლანგვის დეტექტორი.

კომენტარები