ევროპული საქართველო

ბოკერიას გეგმა, როგორ გაიაფდეს საწვავი მყისიერად 40 თეთრით

ევროპული საქართველო ქვეყანაში საწვავზე აქციზის გაუქმების ინიციატივით გამოდის. პარტიის თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, საწვავის ფასი აქციზის გაუქმებით მყისიერად 40 თეთრით შემცირდება და 2.8 ლარამდე დაეცემა. მისივე შეფასებით, არსებული ფასი ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია და რეალურად, შესაძლებელია ქვეყანაში საწვავის ფასი 1.5 ლარი ყოფილიყო.

"შეგვიძლია დავითვალოთ, როგორი იქნებოდა საწვავის ფასი, რომ არა ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკა. ანუ, რომ არა ლარის გაუფასურება და რომ არა გადასახადის, აქციზის ზრდა, რომელიც რეჟიმმა გაზარდა 2016 წელს. სავარაუდოდ, მალე 3.2 ლარზე მეტი იქნება საწვავის ფასი და რეალურად, ჩვენ თავისუფლად შეგვეძლო გვქონოდა ფასი 1.5 ლარზე ოდნავ მეტი. ეს არის ფასი, რომელსაც ყველა ვიხდით ასეთი მთავრობის ყოლის გამო ქვეყანაში, უმძიმესი ფასი, განსაკუთრებით მოქალაქეების ზოგიერთი შრისთვის.

რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება გაკეთდეს მყისიერად, იმიტომ, რომ იმ მავნებლობის შემოტრიალება, რასაც ლარის კურსის ვარდნა და ივანიშვილის რეჟიმის ეკონომიკური პოლიტიკა ჰქვია, ვერც დღეს და ვერც ამ რეჟიმის შეცვლისთანავე მოხდება სწრაფად. რაც შეიძლება სწრაფად გაკეთდეს და რისი მაგალითიც მოგვცა პოლონეთმა, როცა დამატებითი ღირებულების გადასახადი შეამცირა, ჩვენ შემთხვევაში შეგვიძლია გავაუქმოთ აქციზი სწრაფადვე და მყისიერად მივიღებთ იმ შედეგს, რომ 2.8 ლარამდე დაეცემა ფასი. ეს არ არის დაპირება, რომ რაღაც ციდან ჩამოვარდება, როგორც ივანიშვილის რეჟიმი გვპირდებოდა ზღაპრებს ხოლმე ოპოზიციაში ყოფნის თუ მთავრობაში მოსვლის შემდეგ რაღაც პერიოდში. არა, კონკრეტული ნაბიჯია, რომლის გადადგმასაც სჭირდება მხოლოდ პოლიტიკური ნება, რათა ეს ტვირთი შევუმსუბუქოთ ადამიანებს". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

პოლიტიკოსის თქმით, საწვავის გაძვირების გამო აქცენტის გადატანა კერძო ბიზნესზე არასწორია და მისი გაიაფების გზა ხელისუფლებაზე ზეწოლაა.

"ჩვენი, ევროპული საქართველოს ამოცანა არის, რომ ჩვენს მოქალაქეებამდე მივიტანოთ ძალიან მკაფიო გზავნილი – თავი დაანებონ კერძო ბიზნესის მიზანში ამოღებას და აქციებს ბენზინგასამართ სადგურებთან. სამიზნე უნდა იყოს ერთადერთი – მთავრობა, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს გვყავს. ჩვენ ეს გზავნილი გვქონდა ერთი წლის წინაც და პროგნოზი, რომ მდგომარეობა დამძიმდებოდა. გამოსავალი არის მხოლოდ ზეწოლა ამ სამარცხვინო და პოლიტიკურად არალეგიტიმურ მთავრობაზე, რომ იქნებ შეეშინდეთ და ვაიძულოთ, კონკრეტული ნაბიჯი გადადგან. კერძო ბიზნესის მიზანში ამოღება მხოლოდ უმსუბუქებს წნეხს ამ სამარცხვინო რეჟიმს, რომლის პოლიტიკის შედეგიცაა დღევანდელი ფასები". – ამბობს ბოკერია.

2021 წლის ბოლო თვეში 2020 წლის დეკემბერთან შედარებით საქართველოში ბენზინი 40%-ით, დიზელი 34.7%-ით, ხოლო გაზის საწვავი 14.2%-ით გაძვირდა. ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში მობილობის აღდგენასთან ერთად გაიზარდა ნავთობზე მოთხოვნა და, შედეგად, ფასებიც, რამაც საწვავიც გააძვირა. 2021 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 10-წლიან მაქსიმუმს, 13.9%-ს მიაღწია.

კომენტარები