მე-10 მოწვევის პარლამენტი

ბოკერია ენმ-ზე: ნონსენსია, თქვა, პარლამენტი არალეგიტიმურიაო და რაღაც კომისიისთვის შეხვიდე

ევროპული საქართველო • European Georgia / Facebook

"თუ იძახი, რომ პარლამენტი ლეგიტიმური არ არის, თქვა, რომ რაღაც კომისიისთვის, თუნდაც შენი აზრით მნიშვნელოვანი კომისიისთვის შედიხარ, არის ნონსენსი".- ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას. 

ბოკერია TV პირველის ეთერში ამბობს, რომ ენმ არათანმიმდევრულ ქმედებებს აგრძელებს და ეს "ივანიშვილის რეჟიმისთვის საჩუქარია". 

"როდესაც გუშინ ნაგვის ყუთს აფარებდი ადამიანს და მოღალატეს უწოდებდი და დღეს იგივეს აკეთებ შენ, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, რას ნიშნავს ეს?! სალომე სამადაშვილს ტალახი რომ ესროლეს, ჩვენ დავგმეთ მაშინ, არა იმიტომ რომ ვეთანხმებოდით, არამედ ასე არ შეიძლება, კამათისას არგუმენტები უნდა გქონდეს. არ შეიძლება ეგრევე მოღალატის იარლიყი მიაწებო ადამიანს. ოღონდ ახლა თვითონ ქნეს იგივე. რატომ? რა არგუმენტით...

როდესაც ადამიანებს ჰპირდებოდი, რომ წლის ბოლომდე დაამთავრებდი რეჟიმს და როცა ევროპული საქართველო ამაზე არ ვეთანხმებოდით, როცა ვთქვით, რომ ამის თქმა არასწორია, იმის თქმაც, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს საერთოდ. შეცდომები მოსულა პოლიტიკაში, მაგრამ ამ შეცდომებს აქვს პოლიტიკური ფასი და [ენმ-მ] უნდა გადაიხადოს ეს ფასი. სანამ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ მოძრაობას ასეთი საქციელი გასდის, ეს არის ივანიშვილის რეჟიმისთვის საჩუქარი. ლიდერობენ ჯერ და ეს უნდა შევცვალოთ. მათ უნდა ისწავლონ ჭკუა და მოგვისმინონ იმათ, ვინც გონივრულად მოქმედებს, 2 თვის მერე რომ გვეთანხმებიან ხოლმე, ახლა იქნებ თავიდანვე მოგვისმინონ".- ამბობს გიგა ბოკერია. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადა. მალევე, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ადგილები პარტია მოქალაქეების ორმა დეპუტატმა დაიკავა, შემდეგ კი, შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმების შემდეგ, პარლამენტში შევიდნენ ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი. ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებას პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესვლაც მოჰყვა.

შარლ მიშელის დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ ლეიბორისტულ პარტიას, ევროპულ საქართველოს, პარტიას კანონი და სამართალი  (თუმცა, თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა). ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრს და ამჟამად დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას.

კომენტარები