ეკონომიკა

2021 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 9.6%-ით გაიზარდა

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.6% შეადგინა. 2021 წლის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 10.6%-ს შეადგენს.

2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი 2020 წელს დაფიქსირებული 6.8%-იანი შემცირებაა. ამ მოვლენას საბაზისო ეფექტი ეწოდება, როცა გასული წლის ვარდნა წლევანდელი მონაცემების ზრდას უწყობს ხელს, რადგან ქვეყნის მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი წინა წლის მონაცემებთან შედარებით გამოითვლება.  

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა, 2019 წელთან შედარებით, 6.8%-ით შემცირდა. მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ 49.2 მილიარდი ლარი [$15.8 მლრდ] შეადგინა, მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე კი – 13 234 ლარი [$4 255]. 

დეკემბერში ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.

კომენტარები