ცესკო

დეგნანი ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევაზე: საზოგადოება უნდა ენდობოდეს პროცესს

საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცესი უნდა იყოს სამართლიანი და მას საზოგადოება უნდა ენდობოდეს.

"პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, რათა ქართულ საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა, რომ პროცესი არის სამართლიანი და ადამიანები, რომლებიც ინიშნებიან ამ ძალიან მნიშვნელოვან პოზიციებზე, იქნებიან მიუკერძოებელი, პროფესიონალი და ჩაატარებენ თქვენ არჩევნებს. ბოლო რამდენიმე არჩევნები იყო სადავო, საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ არსებობს ცესკო-ს ადმინისტრაცია, რომელის ნდობაც შეიძლება მიუკერძოებულობასა და არჩევნების პროფესიონალურად ჩატარებაში.

იმედი მაქვს ეს იქნება პროცესის შედეგი: გამჭვირვალე პროცესი, რომელის შედეგადაც თანამდებობზე მოვლენ ლიდერები ვისაც ხალხის ნდობა ექნება." – თქვა დეგნანმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი, გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე წარუდგინა. კალანდარიშვილი ცესკოს მოქმედი თავმჯდომარეა, ხოლო თევზაძე სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის დირექტორი. პრეზიდენტმა პარლამენტს  ასევე წარუდგინა ცესკოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ოთხი კანდიდატი.

პარლამენტი კანდიდატებს საკომიტეტო სხდომაზე მოუსმენს, შემდეგ კი დეპუტატები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრიან.


15 დეკემბერს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებას. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მიიჩნევს, რომ კანონპროექტის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, ფაქტობრივად, უქმდება 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების შედეგად შემუშავებული წესი და არსებითად უარესდება პარლამენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და პროფესიული წევრების არჩევის პროცედურა.

მოქმედი რეგულაციით, ცესკოს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები აირჩევიან პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ით (100 ხმა). ასეთი უმრავლესობით არჩევის შეუძლებლობის შემთხვევაში, მათ პარლამენტის 3/5 ამტკიცებს (90 ხმა), ხოლო თუ ეს კვორუმიც ვერ შეგროვდა, ცესკოს წევრს პარლამენტის უბრალო უმრავლესობა ირჩევს. თითოეულ კენჭისყრას შორის პერიოდი არანაკლებ 4 კვირა უნდა იყოს. ცესკოს თავმჯდომარის ან წევრის 2/3-ით არჩევის შემთხვევაში ის 5 წლით იკავებს თანამდებობას, სხვა შემთხვევაში კი მხოლოდ 6 თვით.

პარლამენტში ინიცირებული ცვლილებებით, თუ პირველ კენჭისყრაზე კანდიდატმა ვერ მიიღო პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა, შემდეგ კენჭისყრაზე ყოველგვარი სავალდებულო დროის შუალედის გარეშე  პარლამენტი სრული შემადგენლობის უბრალო უმრავლესობით შეძლებს კანდიდატის თანამდებობაზე არჩევას. TI-ის შეფასებით, ეს პროცედურა იმდენად ამარტივებს ცესკოს წევრობის კანდიდატის არჩევას, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კარგავს  საპარლამენტო ოპოზიციასთან შეთანხმების ყოველგვარ მოტივაციას, რითაც საარჩევნო რეფორმის ეს ნაწილი ბოლომდე უფასურდება.

კომენტარები