პოლიციელების ძალადობა

ჩერგოლეიშვილი: პოლიციელს რატომ შეეშინდება სასჯელის, როცა მოძალადეები გარეთ არიან

თამარ ჩერგოლეიშვილი

ტაბულას დამფუძნებელი და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი მოქალაქეს სცემს.

"მოსაკვლევი რა არის იმ ვიდეოში? სცემს და დასაკავებელია პირდაპირ პოლიციელი.

არ ვიცი ბავშვი ვინ არის, იქ რა უნდა, რატომ ურტყამს.

მაგრამ ხომ ნამდვილად ურტყამს და ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.

თუმცა ჩვენ პირდაპირ ეთერში ვხედავთ უმცირესობების, ჟურნალისტების ცემას დეჰუმანიზაციის მიზნით (ამასაც ისე ურტყამს, ადამიანი არ ჰგონია) და მოძალადეები თავისუფლები არიან.

პოლიციელს რატომ უნდა ჰქონდეს სასჯელის მოლოდინი?" – წერს ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

ტელეკომპანია პირველის ცნობით, პოლიციელმა ყრუ ახალგაზრდას სცემა. ვიდეოს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების თანახმად, გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის მოკვლევა უკვე დაიწყო. 

შემთხვევაზე მოკვლევა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. ინსპექტორის სამსახურის ცნობით, გამოძიება საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო.

კომენტარები