სოციალურად დაუცველები

სოციალურად დაუცველთა სიაში მყოფი პირების გადამოწმება 1 აპრილამდე შეჩერდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მორატორიუმი კიდევ 3 თვით გახანგრძლივდა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება 2022 წლის 1 აპრილამდე შეჩერდა. უწყებაში განმარტავენ, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო.

"მიუხედავად სარეიტინგო ქულის ოდენობისა, საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს უწყვეტად უგრძელდებოდათ დახმარების გაცემა. ცვლილების შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება კვლავ არ განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ.

მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული, მათ გაძლიერებაზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი და მდგრადი სოციალური დაცვის სისტემის განვითარება უმთავრესი საკითხია. სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსახლეობისთვის სოციალური სერვისების შეუფერხებლად მიწოდებას უზრუნველყოფს". – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით 17 იანვრიდან გაფიცულია სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი, რომელთაგან უმეტესობა სოციალური აგენტები არიან. ისინი ანაზღაურების 100%-ით გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

გაფიცვის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება. სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე გაიზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ. სამინისტრომ აღნიშნული ბრძანება უკვე დაამტკიცა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები არ ეთანხმებიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ანაზღაურების გაზრდის შესახებ შეთავაზებას და აცხადებენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ. 17 იანვრიდან ისინი ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქციებს მართავენ.

კომენტარები