აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციებისა და გაფრთხილების მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეამ წელს უკვე რიგით მეოთხედ, დამატებით ორი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა.
იაპონიისა და სამხრეთ კორეის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რაკეტები სამ წუთის ინტერვალით ჩრდილოეთ კორეის დასავლეთიდან გაუშვეს და მათ ფრენის პერიოდში 300 კილომეტრი დაფარეს, მაქსიმალურმა სიმაღლემ კი 50 კილომეტრი შეადგინა.
"ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების ხშირი გამოცდის მიზანი მათი სარაკეტო ტექნოლოგიების დახვეწაა. რაკეტების გაშვება საერთაშორისო საზოგადოებისა და იაპონიის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს". – თქვა იაპონიის თავდაცვის მინისტრმა, ნობუო კიშიმ.
სამინისტროს შეფასებით, რაკეტების გაშვებით ჩრდილოეთ კორეამ წელს უკვე მეოთხედ დაარღვია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც ფხენიანს რაკეტების შექმნასა და გამოცდას უკრძალავს.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ზებგერითი რაკეტების გამოცდის გამო, აშშ-მ ჩრდილოეთ კორეას ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესა.
სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, ჩრდილოეთ კორეა განაგრძობს საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების უხეშ დარღვევას და დიპლომატიური ურთიერთობების დაძაბვას, რასაც აშშ-ს მხრიდან შესაბამისი საპასუხო ქმედებები მოჰყვება.
სამთავრობო მედიის ცნობით, შეიარაღებული ძალები უახლოეს მომავალშიც გეგმავს ახალი რაკეტების გამოცდას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ჩრდილოეთ კორეის თავდაცვით შესაძლებლობებს.