მოეშვით მათ, ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი 

მოეშვით მათ, ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი 

თუ ბრმას ბრმა გაუძღვება, ორივენი ორმოში ჩაცვივდებიან (მათე 15:14).

"ვერაფერი ისწავლეს და ვერაფერი დაივიწყეს" - ტალეირანი ბურბონების შესახებ.

პირველად არ ხდება, რომ უცხო ქვეყანაში დაწყებული ამბოხი სამშობლოში ეიფორიას იწვევს. 

მიუხედავად იმისა, სად ფეთქდება პროტესტი -  შუა აზიაში, აფრიკაში, თუ სადმე სხვაგან და, მიუხედავად იმისა, ვინ მართავს საქართველოს - სააკაშვილი, თუ ივანიშვილი - მმართველი ძალის სასოწარკვეთილ ოპონენტთა შორის აუცილებლად ტყდება ვირტუალური აურზაური:

უფრო ლმობიერნი ილიას ციტირებენ და ათასობით კილომეტრის იქით დაწყებული პროცესის სანატრელი ხმის მამულში გაგონებას ხბოს აღტაცებით ელიან; 

უფრო მაკიაველისტები გვარწმუნებენ, რომ უცხო ქვეყნის პროტესტით ადგილობრივ ძალაუფალს აფრთხობენ და მავან ოპოზიციონერებს ვერაგ სპეცოპერაციაში ხელის შეშლისთვის ამუნათებენ

უფრო შეურიგებელნი და დაუნდობელნი ქართულ საზოგადოებას აცხადებენ ფარჩაკად, ხოლო საქართველოს ”ბანძუსტანად”, იმის გამო, რომ ხალხი, ჩვენთვის საძულველ მთავრობას ყაზახებივით, ბელარუსებივით ან ეგვიპტელებივით არ ამხობს - თითქოს, ჯერ არ დაუმხია, მაგრამ პერმანენტული რევოლუცია მოგვეთხოვება, როგორც ჩანს. 

საქართველოს მოსახლეობას  ოპოზიციის რისხვა 11 წლის წინაც დაატყდა თავს - 2011 წელსაც ღონემიხდილი ოპოზიცია საკუთარი უსუსურობის პროეცირებას ხალხზე ახდენდა და ქართველებს გმობდა, რომ არაბული გაზაფხულის კვალდაკვალ სააკაშვილს არ ამხობდა. 

არადა, სულ რაღაც წელიწადნახევარში, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ორი მილიონ ორასი ათასმა ქართველმა დილას გაიღვიძა, არჩევნებზე წავიდა და დიდმა უმრავლესობამ ხელისუფლების გამოცვლას მისცა ხმა. ასე და ამგვარად, საქართველოში და რეგიონში, ძალაუფლების დემოკრატიული გადაცემის პირველი პრეცედენტი შედგა. ვარაუდი, რომ სააკაშვილი ხალხის ნებას არ დაემორჩილებოდა და ”სისხლს დაღვრიდა”, საბედნიეროდ, მტვრად იქცა. 

ჩვენ არ ვიცით და ვერ გვეცოდინება, ივანიშვილი რას იზამს, როცა ხალხის ისეთივე აშკარა ნებას დაინახავს, როგორიც სააკაშვილმა დაინახა 2012 წელს. სულაც არ არის გამორიცხული, რომ მას არ ეყოს ჭკუა და შევარდნაძის, ან, სულაც, კადაფის ბედი გაიზიაროს. მაგრამ არაბული გაზაფხულის მაგალითი თუ რამეს გვასწავლის, ვინ უფრო ბრძენი აღმოჩნდა 2011 წელს, ოპოზიციური პოლიტიკური ელიტა, თუ მათ მიერ ნალანძღი ქართველი ხალხი? 

ჩვენი ეროვნული ამოცანებისთვის რა სჯობდა, კიდევ ერთი ძალადობრივი, თუნდაც მშვიდობიანი ცვლილება, თუ მოთმინება და არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა?

თავისუფალ სამყაროში სრულფასოვან ინტეგრაციასა და უსაფრთხოების გარანტიებს რა უფრო დაგვაახლოვებდა? სააკაშვილის დამხობა, თუ სააკაშვილის არჩევნებით გამოცვლა?

პასუხი ნათელია! მაგრამ, ჩვენი პოლიტიკური ელიტის უდიდესი ნაწილი ვერც ვერაფერს სწავლობს და ვერც ვერაფერს ივიწყებს.  

"აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა" - ილია ჭავჭავაძე

"როცა სიტყვებს შინაარსი ეკარგება, ხალხი თავისუფლებას კარგავს" - კონფუცი

სამწუხარო რეალობაა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი სავსეა ბავშვობაში გაჭედილი, ავტორიტარი, ემპათიისგან დაცლილი, ეგომანიაკი ზრდასრულებით, რომლებსაც თავი სამყაროს ცენტრში წარმოუდგენიათ და თვლიან, რომ რაც მათ აბრაზებს, ქართველ ხალხსაც ის უნდა აბრაზებდეს, რაც მათ ენატრებათ, ქართველ ხალხსაც იგივე უნდა ენატრებოდეს, რაც მათ აღაფრთოვანებთ, ქართველ ხალხსაც ის უნდა აღაფრთოვანებდეს, ვინც მათ ეზიზღებათ, ქართველ ხალხსაც ის უნდა ეზიზღებოდეს და თუ ასე არ ხდება, ხალხის ბრალია, იმიტომ რომ ”ხალხი არ ვარგა”. 

ჯერაც ვერ გაიაზრეს, რომ ყბადაღებული ქართველი ხალხი რაღაც ამორფული მასა კი არა, კონკრეტული ინდივიდების და ოჯახების ერთობლიობაა, რომ თითოეული მათგანი საკუთარი, ინდივიდუალური გადმოსახედიდან ხედავს სამყაროს და სამომავლო არჩევანს საკუთარ პრობლემებზე და წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით აკეთებს. 

სწორედ ამიტომ, ჩვენს ხალხზე ბრაზი, რომ რაღაც მოვლენაზე, ყაზახივით, ან ლიბიელივით არ რეაგირებს, მხოლოდ ოპოზიციის უძალობისა და სასოწარკვეთის დემონსტრაციაა. მსგავსი ტანტრუმები არასწორი იყო წარსულში, არასწორია ახლა და არასწორი იქნება მომავალში, იმიტომ, რომ ჩვენი აწმყო ჩვენი ისტორიის მხოლოდ ფრაგმენტია, რომელიც ექსკლუზიურად ჩვენი წარსულისგან, ჩვენი გამოცდილებისგანაა შობილი და, თავის მხრივ, ჩვენს მომავალს განსაზღვრავს. სხვებს თავიანთი წარსული აქვთ, ჩვენ ჩვენი წარსულიდან მოვდივართ!

მაგრამ პოლიტიკოსთა დიდ ნაწილს გონების “ზუმი” არ გააჩნია - ვერ დისტანცირდება ვიწრო კადრიდან, დიდ სურათს ვერ ხედავს, მხოლოდ ერთ წერტილს მიშტერებია და მის თავში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესს იმ მომენტის შფოთვა ასაზრდოებს. ის ვერც წინ იყურება, ვერც - უკან. ყველს ხედავს, მაგრამ სათაგურს - ვეღარ, ამიტომაა მისთვის იოლი, დღეს ერთი თქვას, ხვალ ამის საპირისპირო და ორივე ისეთ ჭეშმარიტებად გამოაცხადოს, რომლის უარყოფაც ღალატის ტოლფასია. 

ამიტომ ფიქრობენ, რომ ერთი და იგივე ადამიანი უპრობლემოდ შეიძლება გაასაღონ დავრდომილად, რომელიც საკანში მარტო ვერ რჩება, მაგრამ ამავდროულად ბრწყინვალე გონებრივ ფორმაშია, არასდროს იძინებს და ეკონომიკურ პროგრამას წერს. უხერხულობას ვერ გრძნობენ, როცა გვიყვებიან, რომ დავით აღმაშენებლის თვითგამოცხადებული რეინკარნაცია ფორმიანი კაცის დანახვას წამებად მიიჩნევს. არც ის აწუხებთ, რომ არცერთ ზღაპარში, მითში, ეპოსში, პოემაში, თუ რომანში არ წაუკითხავთ გმირზე, რომელიც ხალხისგან საპასუხო თავგანწირვას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თვითდაზიანებით იმუქრება. 

ისინი დაუფიქრებლად აცხადებენ არჩევნებს აზრდაკარგულად, იწყებენ საპარლამენტო ბოიკოტს, აანონსებენ რევოლუციას, მოღალატეებად რაცხავენ ყველას, ვისაც პერმანენტული რევოლუციის იდეაში ეჭვი შეაქვს და ნაგვით სავსე ურნებს ამხობენ ბოიკოტის დეზერტირებს, შემდეგ კი თავად არღვევენ სიტყვას, კალათდებიან უზურპირებულ პარლამენტში და სააკაშვილის წამების საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით შიშის ზარს სცემენ ივანიშვილს. გვიმტკიცებენ, რომ სააკაშვილს პუტინის დავალებით პუტინისავე მონა რეჟიმი ციხეში კლავს. ხოლო შემდეგ, ამავე რეჟიმის პრეზიდენტზე იმედებს აწყობენ, რომ მთავარსარდალს ტყვეობიდან დაიხსნის და პუტინის მონებთან შეარიგებს. 

ეს პოლიტიკოსები ვერ აცნობიერებენ, რომ ხალხის აპათია სწორედ ხელოვნურად შექმნილი, უსაფუძვლო მოლოდინების გაცრუების ლოგიკური და გარდაუვალი შედეგია. არ სურთ გაგება, რომ პრობლემა მათშია და არა ქართველი ერის დემოკრატიასთან შეუთავსებლობაში. 

იმის გამო, რომ ხალხს ცხვრის ფარად თვლის, ზოგიერთს ცინიკურად მიაჩნია, რომ თუ სააკაშვილს პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ თემად ხელოვნურად შეინარჩუნებს, მის ყველა წერილს დღის მთავარ პოლიტიკურ სკანდალად მონათლავს, ხოლო სხვა პოლიტიკოსებს მისი მელოდრამის კომენტატორებად აქცევს, ამომრჩეველს ”მოენატრება წარსული დრაივი”, დარწმუნდება, რომ ”მიშას გარეშე ყველა ნულია” და მისი გათავისუფლების მოთხოვნით, რევოლუციას მოაწყობს, იმისთვის, რომ  სააკაშვილმა საკუთარი სულთანისტური ოცნებები აისრულოს და შედეგად, თავადაც აცოცდეს ძალაუფლების კიბეზე. 

ორუელი გამომადგაო და თავად ცხოველების ფერმის ფინალი დადგა - არცერთ სიტყვას შინაარსი და ფასი აღარ აქვს. ლიბერალურ დემოკრატიაზე რეაქციად მოვლენილმა ძალამ, რომლის ლიდერმაც ასავალ-დასავალი ქართული ტრადიციების მედროშედ, ხოლო მოძალადე ორკები ქართველი ერის 95%-ის სახედ გამოაცხადა, გაჭრილი ვაშლივით დაიმსგავსა ნაციონალური მოძრაობა, რომლის ლიდერიც, ნანატრი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ნაციონალისტურ-რევოლუციური პოპულიზმით ცდილობს - ლიბერალურ დემოკრატიასთან წარსულ კავშირს კომპრომატად მიიჩნევს და გიგა ბოკერიას აბრალებს, ამტკიცებს, რომ ის ტრადიციებს ართმევდა, მეტი დამაჯერებლობისთვის ჯვარს გვიჩვენებს და  “ჩამოთრეულებისთვის” ადგილის მიჩენას გვპირდება. 

ამ მოცემულობაში ქართველი ამომრჩეველი თავს წყლიდან ამომხტარ თევზად გრძნობს. მისი ფრუსტრაციის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მოშლილი საბჭოთა სისტემის ნაცვლად, ეფექტიანი დემოკრატიული სისტემის კონსოლიდაცია გაჭიანურდა, დასავლური კეთილდღეობისგან ძალიან შორს ვართ, მოქალაქეები საკუთარ ადგილს ვერც საკუთარ ცხოვრებაში პოულობენ და ვერც ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში, რომელიც თავიდან ბოლომდე ძალაუფლების მოპოვება-შენარჩუნების დრამაზეა ორიენტირებული და რიგითი კაცისთვის არაფერია. 

ეგომანიაკი პოლიტიკური კლასისადმი ნდობის დაკარგვა და აპათია გარდაუვალი და კანონზომიერი რეაქციაა ხალხის მხრიდან. ასეთ მოცემულობაში, ამომრჩეველიც ცრუობს და არჩევნები, ნაცვლად ხალხის ჯიუტი პოლიტიკური ნების გამოხატვისა, აღებ-მიცემობის და გადაგდების ჯაჭვადაა ქცეული.  

ჩვენ თუ ეს კორუმპირებული ჯაჭვი არ გავწყვიტეთ და საბაზისო ჭეშმარიტებებს არ დავუბრუნდით: არ გავიაზრეთ, რომ თავისუფლება ღირსეულ ადამიანებზე დგას, არ გავიხსენეთ, რომ არც საკუთარი თავისგან და არც სხვისგან კერპი არ უნდა შევქმნათ, არ მოვკლათ, არც ცილი დავწამოთ... და ამ საფუძველზე არ ავაგეთ პროცესი, - გადავიჩეხებით და ისევ დიდი ხნით გავქრებით! 

"როდესაც ცუდი ხალხი ერთიანდება, კარგმა ხალხმა უნდა ითანამშრომლოს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სათითაოდ და სასტიკად დამარცხდებიან ამაზრზენ ბრძოლაში" - ედმუნდ ბერკი

"მხოლოდ კრიზისი შობს რეალურ ცვლილებას. როცა კრიზისი იქმნება, მოქმედებები დამოკიდებულია იმ იდეებზე, რაც მზადყოფნაშია" - მილტონ ფრიდმანი.

პოლიტიკური ელიტისადმი გაუცხოება და პოპულისტების აღზევება მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, მაგრამ საქართველოს, ავტორიტარიზმისა და ნაციონალისტური პოპულიზმის ჭაობში ჩაძირვა, ბევრისგან განსხვავებით, ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის. 

ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაცია, გარდა იმისა, რომ თავისთავადაა თვითკმარი სიკეთე, იმდენად, რამდენადაც ასეთ წესრიგში ადამიანის სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება ყველაზე საიმედოდაა დაცული, ის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებისთვისაც უალტერნატივოა. 

იმ ფონზე, როცა პუტინის რუსეთი ისტორიის რევიზიას ცდილობს და დასავლეთის ტაქტიკური ინტერესი რეგიონში თვალსაჩნოდ იკლებს, ერთადერთი შანსი, რომ დასავლეთი რუსეთისგან ეროვნული სუვერენიტეტის დაცვაში დაგვეხმაროს, დემოკრატიულ დღის წესრიგშია. 

ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილი ტოქსიკური მოცემულობის სწრაფად შეცვლას და საზოგადოების უიმედობის დაძლევას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც რეალურია საფრთხე, რომ ის უპრეცედენტო შესაძლებლობის ფანჯარა, რაც ჩვენს თაობას გაეხსნა თავისუფალ სამყაროში ინტეგრაციის კუთხით, მომავალი თაობებისთვის დიდი ხნით დაიხუროს და შევრცხვეთ.

ამ ტოქსიკური მოცემულობის შეცვლა შეგვიძლია მხოლოდ მათ, ვისაც დემოკრატიული ღირებულებების, რესპუბლიკის მყარად გვჯერა და საქართველოს მოქალაქეების ინტელექტსა და გამოცდილებას პატივს ვცემთ. 

ჩვენც დავუშვით შეცდომა, რაც დანაშაულზე მეტია  - გაუმართლებლად ბევრი დრო დავკარგეთ ზომბი პარტიების ძალაუფლებისთვის ბრძოლის მძევლობაში, ნაცვლად იმისა, რომ პრინციპებზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი და ჯანსაღი პოლიტიკური სივრცე შეგვექმნა, დემოკრატიის მისიონერებად ვქცეულიყავით, ჩვენი თანამოაზრეები გვეძებნა და ჩვენი მხარდაჭერა გაგვეფართოვებინა. 

სწორედ ამიტომ, როდესაც, წყალს ვნაყავთ და ნაციონალურ მოძრაობასთან რეჟიმის დამარცხების სტრატეგიაზე და ტაქტიკაზე ვკამათობთ, ისინი გვიკიჟინებენ, რომ ჩვენ ცოტა ვართ, ისინი ბევრი და ამაში თითქოს არ ცდებიან, მაგრამ სრული სიმართლე ის არის, რომ ჩვენ არ ვიცით რამდენი ვართ. არ ვიცით, იმიტომ, რომ ვიზარმაცეთ, საკუთარ თავსა და ქართველ ხალხში რწმენა არ გვეყო, ერთმანეთთან არ გვითანამშრომლია, არ გაგვიცვლია აზრები, რას ვიცავთ, რისგან ვიცავთ და რატომ ვიცავთ - ჩვენი ბრენდი არ შეგვიქმნია. 

"ერთ-ერთი სასჯელი, რაც პოლიტიკაში მონაწილეობაზე უარს მოსდევს ისაა, რომ შედეგად - შენზე ნაკლები გმართავს" - პლატონი 

"თუ მხოლოდ იმისთვის ხარ, რომ სხვებს მოეწონო, ყველაფერს დათმობ და ვერაფერს მიაღწევ" - მარგარეტ ტეთჩერი. 

საქართველოს ახალ ისტორიას თუ გადავხედავთ, ცვლილებების არითმეტიკა ასე გამოიყურება: 

2003 წლის მშვიდობიანი რევოლუციის წინ, გაყალბებულ არჩევნებში სამთავრობო კოალიციამ, ანუ შევარდნაძემ და ასლან აბაშიძემ ერთად, ხმების მესამედზე ნაკლები აიღეს. ნაციონალური მოძრაობა პირველ ადგილზე გავიდა. სწორედ ამიტომ, რევოლუცია როცა ითქვა, მეოთხე დღეს მოხდა კიდეც - 9-წლიანი გამოცხადების ქრონიკა არ დასჭირვებია. 

2012 წელს არჩევნებში გამარჯვებულმა ძალამ მილიონ ორასი ათასი ხმა მიიღო. სადღაც მაგდენი სჭირდება ივანიშვილის მარცხსაც.

ნაციონალურ მოძრაობას ამის ნახევარიც არ აქვს და ოპოზიციური ტელემედიის, თავად სააკაშვილისა და მისი სპიკერების 9-წლიანი სასოწარკვეთილი მანიპულაციების მიუხედავად, მეტად ვერ იზრდება. 

ბევრი იმედოვნებდა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა იქნებოდა ის ილეთი, რაც ნაციონალურ მოძრაობას ჭერს ახდიდა. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, სპილომ თაგვი შვა და 2021 წელს, 8-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, საქართველოს საზღვარზე რძის პროდუქტების კონტეინერით  შემოპარულმა მიშა სააკაშვილმა გრიგოლ ვაშაძეზე 60 ათასი ხმით ნაკლები აიღო.  

რეალურად, ჩვენ არ ვიცით და არ შეგვიძლია, ვიცოდეთ, რა გამოიწვევს ქართველი ხალხის ისეთ ბრაზსა და კონსოლიდაციას, რაც ცვლილებების საფუძველი გახდება. რაც ზუსტად ვიცით ისაა, რომ ივანიშვილი რომც დამარცხდეს, სააკაშვილის ნაციონალისტურ-რევოლუციური პოპულიზმი, თუ გასაქანი მიეცა, ამ ქვეყანას უფრო ღრმა უფსკრულში ჩააგდებს. 

ამიტომ, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: 

  • ჩამოვყალიბდეთ, რა შინაარსის ცვლილებები გვინდა უსაფრთხოების, ეკონომიკის, ბიზნესის, ჯანდაცვის, განათლების, სასამართლოს, თუ სოფლის მეურნეობის მიმართულებით; 
  • ცვლილებების შინაარსი ვაქციოთ თანამოაზრეების ძიებისა და კონსოლიდაციისშესაძლებლობად - უნდა გვახსოვდეს, რომ შინაარსით კონსოლიდირებული ადამიანები, გარდა იმისა, რომ გაცილებით მოტივირებულები არიან,  ძნელადაც იყიდებიან;
  • ისეთი პროცესი შევქმნათ, რომ ამომრჩეველმა ჩვენს შინაარსში საკუთარი თავი დაინახოს. დღევანდელი საინფორმაციო ველის პირობებში, ამ მიზანს მხოლოდ ტელემედიით ვერ მივაღწევთ: ერთი იმიტომ, რომ ობიექტურად წარსულს ჩაბარდა დრო, როცა ოჯახები იკრიბებოდნენ და საღამოს საინფორმაციო გამოშვებას ერთად შესცქეროდნენ - დღეს ისინი სხვადასხვა მედია პლატფორმაზე არიან მიმოფანტულნი და ყველგან უნდა მივწვდეთ; ამას გარდა - ოპოზიციური ტელემედია მხოლოდ სააკაშვილზე აგებს საინფორმაციო პოლიტიკას და მათ მძევლობას, ზიანის გარდა, არაფერი მოაქვს. 

როდესაც დამოუკიდებელი სივრცის შექმნისა და გაფართოების აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, ხშირად გვეუბნებიან, რომ ეს ძალიან გრძელი გზაა და რომ ჩვენ ამდენი დრო არ გვაქვს. მაგრამ მწარე სიმართლე ის არის, რომ ალტერნატივა ფიზიკურად არ არსებობს და რაც მეტად გადავდებთ ამ გზით სიარულს, იმ მიზეზით, რომ ვჩქარობთ და სადღაც უფრო მოკლე გზა გველანდება, მით მეტად დაგვაგვიანდება. 

სკეპტიკოსების დიდ ნაწილს ჩვენს შინაარსთან პრობლემა არ აქვს, იზიარებენ კიდეც, უბრალოდ, მიაჩნიათ, რომ ხალხი ვერ გაგვიგებს. ზოგი უფრო შორსაც მიდის და ამტკიცებს, რომ საქართველო და ლიბერალური დემოკრატია შეუთავსებელია. 

მართლაც, ადამიანთა მოდგმისთვის, კონფორმიზმი უკვე მრავალი საუკუნეა, თავდაცვის ერთ-ერთი მექანიზმია. სიმრავლესთან თავის მიკუთვნებით ადამიანი თავს უსაფრთხოდ გრძნობს, ამიტომ, უმცირესობის აზრს, რომც ეთანხმებოდეს, მაინც ეჭვის თვალით უყურებს. 

მაგრამ, პარადოქსი ისაა, რომ კონფორმიზმი ცვლილებებს როგორც აფერხებს, ზუსტად ისე აჩქარებს, თუ უმცირესობას ნებისყოფა ეყოფა, თანმიმდევრულობას გამოიჩენს და გარდატეხის მომენტში, სწორ ადგილას და მზადყოფნაში იქნება - მართალია, სიმართლის ტრიუმფი დიდხანს არ გრძელდება, მაგრამ კაცობრიობის განვითარების ისტორია მოწმობს, რომ ერთ დროს პარადოქსალური, მოგვიანებით, ტრივიალური ხდება.  

კომენტარები