საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო: დავაკავეთ 4 პირი – ისინი ნაგავსაყრელიდან ხორცსა და საკონდიტრო ნაწარმს ყიდდნენ

საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციიით, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ქვემო ქართლის ნაგავსაყრელის 4 თანამშრომელი დააკავეს. უწყების ცნობით, ისინი ნაგავსაყრელიდან გასანადგურებლად განკუთვნილ, მარკეტებიდან ამოღებულ ვადაგასულ ხორცპროდუქტებსა და საკონდიტრო ნაწარმს ყიდდნენ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე განთავსებულ ნაგავსაყრელიდან, სისტემატურად ახდენდნენ, გასანადგურებლად განკუთვნილ, სხვადასხვა ქართული და უცხოური კომპანიების მიერ წარმოებული და ქსელური სავაჭრო მარკეტებიდან ამოღებულ, მოხმარებისთვის უვარგისი და ვადაგასული ხორცპროდუქტებისა და საკონდიტრო ნაწარმის რეალიზაციას, რის სანაცვლოდაც იღებდნენ გარკვეული ოდენობის თანხებს.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი კერძო პირის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია, ბრალდებულების მიერ ნაგავსაყრელიდან რეალიზებული 1 105 კგ. სხვადასხვა დასახელების ვადაგასული ხორცპროდუქტი და 1 115 კგ. ვადაგასული საკონდიტრო ნაწარმი". - წერია უწყების განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებითა და მოპოვებული მტკიცებულებებით, პროდუქცია საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით, 220-ე მუხლითა და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

კომენტარები